ვახტანგ გომელაური - გაგრძელდება მუშაობა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რათა ამაღლდეს ახალგაზრდების ცნობიერება ნარკოტიკების მავნე შედეგებთან დაკავშირებით
ვახტანგ გომელაური - გაგრძელდება მუშაობა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რათა ამაღლდეს ახალგაზრდების ცნობიერება ნარკოტიკების მავნე შედეგებთან დაკავშირებით

შსს ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ინტენსიურ ბრძოლას, რაც მთავრობის მიერ აღიარებულია ორგანიზებული დანაშაულის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და საყურადღებო მიმართულებად, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ამას ადასტურებს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის 2021-2024 წლების სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმებიც, რომელთა შემუშავებაც მოხდა უწყებათაშორის ფორმატში, არა მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების მონაწილეობით, არამედ სხვა უწყებების აქტიური ჩართულობით.

„აღსანიშნავია, რომ ევროკომისიამ 2023 წლის 8 ნოემბრის  ევროკავშირის გაფართოების ყოველწლიურ ანგარიშში დადებითად შეაფასა ხსენებული პოლიტიკის დოკუმენტის არსებობა“, –  აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, უკვე დაიწყო განახლებული, 2025-2028 წლების სტრატეგიისა და მისგან გამომდინარე სამოქმედო გეგმის ერთობლივად შემუშავების პროცესიც, რომელშიც, ნარკოტიკული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურობის ზრდის პარალელურად, კიდევ უფრო მეტად გამახვილდება ყურადღება მისი პრევენციის კომპონენტზე.

„გაგრძელდება აქტიური მუშაობა სკოლებსა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რათა ამაღლდეს ახალგაზრდების ცნობიერება ნარკოტიკების მავნე შედეგებთან დაკავშირებით და მკვეთრად შემცირდეს მათი ნარკოტიკულ დანაშაულებში ჩაბმის ალბათობა“, – განაცხადა გომელაურმა.