პარლამენტში დაინიცირდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებული უმაღლესი განათლების აღიარებას და სხვადასხვა პროგრამაზე სტუდენტის მიღების საკითხებს მოიცავს
უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებული უმაღლესი განათლების აღიარებასთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებების ინიცირება ბიუროს გუშინდელ სხდომაზე მოხდა.
ცვლილებებით, უცხო ქვეყანაში დისტანციური ფორმით განათლების მიღების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლება იმ შემთხვევაში ექნება, თუ უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებული განათლება აღიარებული იქნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და საერთო სამაგისტრო გამოცდასა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარს წარმატებით გადალახავს.
პროექტის მიხედვით, კორექტირდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე და ასევე, მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის მიღების საფუძველები.
კერძოდ, პროექტის თანახმად, აბიტურიენტების ხელშეწყობისა და სტუდენტების მობილობის მიზნით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, სამინისტროს მიერ დადგენილი წესითა და დადგენილ ვადებში დასაშვები იქნება საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებიც სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვადით ცხოვრობდნენ, სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში – ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.