პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებად ბესიკ ლილუაშვილი და ზაზა შათირიშვილი დაამტკიცა
საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრები ბესიკ ლილუაშვილი და ზაზა შათირიშვილი გახდნენ.
დღევანდელ პლენალურ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარდგენილ ია მამალაძეს მხარი – 74 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი ოთხი იყო; ზაზა შათირიშვილმა – 103 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვა, მის წინააღმდეგ რვა წავიდა, ხოლო მალხაზ ასლამაზაშვილს მხარი 16 დეპუტატმა დაიჭირა, წინააღმდეგ კი, ხმა შვიდმა დეპუტატმა მისცა.
კენჭისყრაზე ჩავარდა უმრავლესობის გარეთ მყოფი დეპუტატების რიგებიდან შერჩეული ნინია კაკაბაძის კანდიდატურა – მას მხარი 11 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი, 40 დეპუტატი იყო.
კენჭისყრაზე დადგა ზვიად დევდარიანის კანდიდატურაც, რომელიც ჩავარდა. მანამდე პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ კანდიდატურა კენჭისყრაზე იმიტომ დადგა, რომ მისი მოხსნის თაობაზე პარლამენტისთვის არც სახალხო დამცველს მიუმართავს და არც თავად ზვიად დევდარიანს.
პარლამენტმა სხდომაზე ასევე კენჭი უყარა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ – ბესიკ ლილუაშვილის კანდიდატურასაც, რომელიც ბორდის წევრი – 101 მომხრე ხმით 5-ის წინააღმდეგ გახდა.