ირინა ფუტკარაძე აცხადებს, რომ იმ პირთა სია, ვისაც დაეხმარებიან, დაინტერესებული ვიწრო ჯგუფისთვის იქნება ხელმისაწვდომი
ირინა ფუტკარაძე აცხადებს, რომ იმ პირთა სია, ვისაც დაეხმარებიან, დაინტერესებული ვიწრო ჯგუფისთვის იქნება ხელმისაწვდომი

რეალურად არსებობს გარკვეული ჯგუფი, ვისაც უნდა გავუწიოთ დახმარება და ზუსტადაც იმიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ირინა ფუტკარაძემ ჰონორარის გადანაწილების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ფუტკარაძემ აღნიშნა, სამუშაო შეხვედრაზე იყო საუბარი, რომ თანხა სოციალური პროექტების მიმართულებით უნდა წასულიყო და ამიტომ დაუჭირა მხარი.

„შარშან გვქონდა ამ ტიპის გადაწყვეტილება და გარკვეული სოციალური პროექტები დაფინანსდა. ვფიქრობ, წელს უფრო საჭირო იყო ამ მიმართულებით ჩვენი საქმიანობა. ჩვენ შეგვეძლო, მთლიანად 132 000 ლარი გაგვენაწილებინა თანაბრად საბჭოს ცხრავე წევრზე. დიახ, გვაქვს ჩვენ გარკვეული მონაცემები იმათი, ვისაც წელსაც ესაჭიროება დახმარება და თუ კიდევ გამოჩნდებიან ასეთი ადამიანები, ბუნებრივია, მათაც დავეხმარებით. თითოეული ჩვენი ტრანზაქცია იქნება დეკლარირებული, რა ფორმით, ამასაც გადავწყვეტთ, ვინაიდან ძირითადად ჯანმრთელობის მიმართულებით ვაპირებთ ამ თანხების წარმართვას, ძალიან უხერხული იქნება ამ ადამიანების იდენტიფიცირება, თუცა დაინტერესებული ვიწრო ჯგუფებისთვის ეს სია იქნება ხელმისაწვდომი“,- აღნიშნა ფუტკარაძემ.

მისივე თქმით, საბჭომ მიიღო მორალურად კარგი გადაწყვეტილება, რომელიც ქველმოქმედების ძალიან ბევრი ადამიანის დახმარების შესაძლებლობას იძლევა.

„ვიზიარებ იმ პოზიციას, რომ ჩვენ ვერ გავბედეთ ამ ტიპის გადაწყვეტილება, რაც ეხება გადანაწილებას, ანუ შესაბამისობაში მოგვეყვანა დამტკიცებული ბიუჯეტი ჰონორარების ნაწილში. თუ ჩვენ დღეს განმარტებებს არ გავაკეთებდით, მართლა გასამათრახებელი ვიქნებოდით თითოეული ჩვენგანი, ეს იქნებოდა არასახელმწიფოებრივი მიდგომა და მორალურადაც მართლა განადგურებული ვიქნებოდით. ახლა მორალურად, დღევანდელი გადაწყვეტილებით მეტად გამართული ვარ, რადგან ვიცი, რომ თანხით სხვების დახმარების შესაძლებლობა მომეცემა. ბუნებრივია, ჩემი და, დარწმუნებული ვარ, საბჭოს წევრების მხრიდანაც, ეს პროცესი იქნება გამჭვირვალე“, – განაცხადა ირინა ფუტკარაძემ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, საჰონორარო ნაწილში არსებული 132 492 ლარიდან, 82 ათასი ლარი გადავიდა 2021 წლის მაუწყებლის ბიუჯეტში; 50 492 ლარი კი, განაწილდება საბჭოს წევრებზე თანაბრად, თითოეულზე 5 610 ლარი. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა საბჭოს შვიდმა წევრმა – ირინა ფუტკარაძემ, ბონდო მძინარაშვილმა, ზაზა აბაშიძემ, ირაკლი პაპავამ, იზაბელა ოსიპოვამ, ბესიკ ლილუაშვილმა, გია ნიჟარაძემ; წინააღმდეგ წავიდნენ მიხეილ ჩიკვილაძე და გია მურღულია.

დატოვე კომენტარი