იზაბელა ოსიპოვა - სახელებსა და გვარებს ვერ ვიტყვით, თუმცა უკვე არის 12 ადამიანი, ვისაც ნამდვილად სჭირდება დახმარება, შარშანაც ზუსტად ასე დავეხმარეთ თანამშრომლებს
იზაბელა ოსიპოვა - სახელებსა და გვარებს ვერ ვიტყვით, თუმცა უკვე არის 12 ადამიანი, ვისაც ნამდვილად სჭირდება დახმარება, შარშანაც ზუსტად ასე დავეხმარეთ თანამშრომლებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, იზაბელა ოსიპოვას განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამდივნოში უკვე არსებობს 12-კაციანი სია, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ.

მისივე განმარტებით, თანამშრომლებს შარშანაც დაეხმარნენ.

„ბორდის სამი წევრი არ გვყავდა გარკვეული პერიოდი, მათი თანხაც იყო გათვალისწინებული და ეს თანხაც იყო მორჩენილი. ჩვენი ბიუჯეტის საჰონორარო ნაწილიც არ იყო შესაბამისობაში, ვინაიდან, როდესაც ტელევიზიის ბიუჯეტი გაიზარდა, ჩვენ პირად საჰონორარო ნაწილში ზრდა არ ავსახეთ, ვიღებდით იმ წინა ჰონორარებს. შესაბამისად, ნაშთად დაგვრჩა ამხელა თანხა. ამ თანხის დიდი ნაწილი დაბრუნებული იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტში, ხოლო დანარჩენ თანხაზე ბევრი ვიმსჯელეთ, ბევრს ვფიქრობდით, როგორ მოვქცეულიყავით ისე, რომ კარგი საქმე გაგვეკეთებინა მაუწყებლის თანამშრომლებისთვის. მოგეხსნებათ, ბევრი ისეთი თანამშრომელი გვყავს, ვისაც ჯანმრთელობის მხრივ მხარდაჭერა სჭირდება. მკაფიოდ მინდა, გასაგები იყოს ყველასთვის, რომ საუბარი არ არის პრემიების გამოწერაზე. ეს არის უშუალოდ საჰონორარო ნაწილი.

იყო მოსაზრება, რომ თანხის ნაწილი კოვიდ ფონდში გადაგვერიციხა, მაგრამ ძირთადად აქციები არის მიმართული იქით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს დავეხმაროთ, ვისაც ნამდვილად სჭირდება მხარდაჭერა. სახელებსა და გვარებს ვერ ვიტყვით, თუმცა ჩვენს სამდივნოს აქვს ფორმაცია – ასეთი უკვე 12 პიროვნება გვყავს, ვისაც ნამდვილად სჭირდება დახმარება. ჩვენ შარშანაც ზუსტად ასევე დავეხმარეთ ჩვენს თანამშრომლებს. ზოგიერთს წელსაც ჰქონდა მოლოდინი, რომ დავეხმარებოდით და მომავალშიც ალბათ გამოჩნდებიან ასეთები. ყველას შეიძლება, ვერ გავწვდეთ, მაგრამ ჩვენი მცირედი წვლილი გვინდა შევიტანოთ. ადამიანების სია არსებობს. პირადად ამ ადამიანებთან მე არ მქონია კომუნიკაცია, მაგრამ სამდივნოში ეს ინფორმაცია გვაქვს და შეგიძლიათ, სამდივნოსთან გადაამოწმოთ“,- განაცხადა იზაბელა ოსიპოვამ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, საჰონორარო ნაწილში არსებული 132 492 ლარიდან, 82 ათასი ლარი გადავიდა 2021 წლის მაუწყებლის ბიუჯეტში; 50 492 ლარი კი, განაწილდება საბჭოს წევრებზე თანაბრად, თითოეულზე 5 610 ლარი. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა საბჭოს შვიდმა წევრმა – ირინა ფუტკარაძემ, ბონდო მძინარაშვილმა, ზაზა აბაშიძემ, ირაკლი პაპავამ, იზაბელა ოსიპოვამ, ბესიკ ლილუაშვილმა, გია ნიჟარაძემ; წინააღმდეგ წავიდნენ მიხეილ ჩიკვილაძე და გია მურღულია.