პარლამენტმა საარჩევნო რეფორმის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა
პარლამენტმა საარჩევნო რეფორმის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა

პარლამენტმა საარჩევნო რეფორმა პირველი მოსმენით დაამტკიცა. საკანონმდებლო ცვლილებებს კენჭი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა 92-მა დეპუტატმა, მათ შორის იყვნენ, როგორც მმართველი გუნდის წევრი, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები, კერძოდ, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „მოქალაქეები“, „ევროპელი სოციალისტები“.

კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღება მას შემდეგ იგეგმება, რაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გახდება ცნობილი. სავარაუდოდ, რეკომენდაციები ივნისის დასაწყისში იქნება.

საბოლოო ჯამში, ცვლილებების მიღება მესამე მოსმენით ივნისის ბოლომდე იგეგმება.

რაც შეეხება თავად საარჩევნო რეფორმას, რეფორმა მომზადდა ოპოზიციისა და ხელისუფლების კონსულტაციების საფუძველზე.

ცნობისთვის, საარჩევნო რეფორმის ფარგლებში მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს პარლამენტი აირჩევს. მომზადებული ცვლილებებით, ცესკო-ს თავმჯდომარეს ცესკო-ს წევრების ნაცვლად, პრეზიდენტის წარდგინებით, პარლამენტი აირჩევს ღია კონკურსის წესით. პროექტით განსაზღვრულია, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა ხუთი წელი იქნება, თუ იგი არჩეული იქნება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით, ხოლო სხვა შემთხვევაში – ექვსი თვით.

რაც შეეხება ცესკო-ს შემადგენლობას, წევრთა რაოდენობა იზრდება და შედგება არაუმეტეს 17 წევრისგან, მათ შორის იქნებიან ცესკო-ს თავმჯდომარე, თავმჯდომარის ორი მოადგილე და ცესკო-ს მდივანი. პროექტის მიხედვით, ცესკო-ს შვიდ წევრს პრეზიდენტის წარდგინებით, აირჩევს პარლამენტი, ხოლო ცესკო-ს არაუმეტეს ცხრა წევრი დაინიშნება პარტიების მიერ.

გარდა ამისა, ცვლილებების თანახმად, ცესკო-ს თავმჯდომარეს ორი მოადგილე ეყოლება. პროექტის მიხედვით, ცესკო-ს თავმჯდომარის ერთი მოადგილე და მდივანი არჩეული უნდა იყოს პარლამენტის მიერ ცესკო-ს წევრებიდან. კანდიდატურების დასახელების უფლება კი კომისიის არანაკლებ ორ წევრს ექნება.

ცესკო-ს თავმჯდომარის კიდევ ერთი წევრი არჩეული იქნება ოპოზიციური პარტიების მხრიდან, რომელიც თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას შეასრულებს. კერძოდ, პროექტში აღნიშნულია, რომ თუ კანდიდატზე ვერ შეთანხმდებიან, მისი არჩევა წილისყრით მოხდება.

ცვლილებებით გათვალისწინებულია ასევე საკონსულტაციო ჯგუფის შექმნა, რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან იარსებებს. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ცესკო-ს საკონსულტაციო ჯგუფი უნდა შედგებოდეს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლისგან და არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ შერჩეული საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტებისგან.

რაც შეეხება ჯგუფის საქმიანობას, პროექტით, საკონსულტაციო ჯგუფი ცესკო-ს წარუდგენს რეკომენდაციებს დავების განხილვის პროცესისთვის. ამ ჯგუფს ცესკო-ს განკარგულებით შეიძლება მიენიჭოს დამატებითი ფუნქციები, როგორიცაა კენჭისყრის შედეგების ხელახლა დათვლის პროცესში ჩართვა.

მომზადებული ცვლილებების მიხედვით, კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის რადიუსში სააგიტაციო მასალის განთავსება დაუშვებელი იქნება. ასეთი მასალის განთავსება ჩამოხსნას/დემონტაჟს/აღებას დაექვემდებარება.

ამასთან, დაუშვებელი იქნება კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ასევე, დაუშვებელი იქნება, კენჭისყრის დღეს, კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა.

კანონპროექტი ვენეციის კომისიაშია გაგზავნილი.

დატოვე კომენტარი