პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომლითაც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების უფლება იანვრამდე უხანგრძლივდება
პარლამენტმა დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით უყარა კენჭი.
პროექტს მხარი დაუჭირა 79-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ ხმა მისცა ერთმა.
რიგგარეშე სხდომას „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები ესწრებიან.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სხდომაზე არ გამოცხადდნენ, ისინი პოლიტიკურ ბოიკოტს აგრძელებენ.
პროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე გარკვეული შეზღუდვების გატარების უფლება 2021 წლის იანვრამდე გაუხანგრძლივდება.
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა მაისში დაამტკიცა, რომლითაც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე შემზღუდავი ღონისძიებების გატარება 15 ივლისამდე შეეძლო.