ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს პარლამენტში დღეს კიდევ ერთხელ უყარეს კენჭი, თუმცა კანდიდატებმა პარლამენტში საჭირო მხარდაჭერა ვერც ამჯერად მიიღეს.
კერძოდ, ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატ გიორგი კალანდარიშვილს 81-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, შვიდმა კი ხმა წინააღმდეგ მისცა.
ცესკო-ს თავმჯდომარეობის მეორე კანდიდატ გიორგი სანტურიანს მხარი დაუჭირა სამმა დეპუტატმა, რვა კი წინააღმდეგი იყო.
ასევე, კენჭისყრის შედეგად ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მოაგროვეს ცესკო-ს წევრობის ვაკანტურ თანამდებობებზე ასარჩევად წარდგენილმა კანდიდატებმა.
კერძოდ, ცესკო-ს ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ კანდიდატ გია ცაცაშვილს 77-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, შვიდი წინააღმდეგ წავიდა. კიდევ ერთ კანდიდატს, ლელა ტალიურს კი მხარი დაუჭირა 17-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი არც ერთი იყო.
თამარ სართანიას 14-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხუთმა კი წინააღმდეგ მისცა. მაია ზარაძეს მხარი დაუჭირა 78-მა დეპუტატმა, ხუთი წინააღმდეგი იყო.
ცესკო-ს თავმჯდომარის ან წევრის ხუთი წლით დამტკიცებას ხმების 2/3-ით, ანუ სულ მცირე 100 ხმით მხარდაჭერა სჭირდებოდა. პარლამენტს უფლება აქვს, ოთხჯერ უყაროს კენჭი კანდიდატებს. ცესკო-ს თავმჯდომარის 5 წლის ვადით ასარჩევად, პირველ ჯერზე საჭირო იყო 100 ხმა. არასაკმარისი ხმების გამო ხელახლა დაინიშნა კენჭისყრა, სადაც ისევ 100 ხმის მობილიზება იყო აუცილებელი.
საჭირო 100 ხმის ორჯერ ვერ მოგროვების შემდეგ დღევანდელ კენჭისყრაზე უკვე 90 ხმით იყო შესაძლებელი კანდიდატის არჩევა, თუმცა საჭირო ხმების მობილიზება კვლავ ვერ მოხერხდა. შესაბამისად, საბოლოოდ კანდიდატის დანიშვნა სიითი უმრავლესობით მოხდება, თუმცა არა ხუთი წლის, არამედ ექვსი თვის ვადით. შემდეგ კი კანდიდატების შერჩევის პროცესი ხელახლა გაიმართება.