ხათუნა სამნიძე - როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ უკვე დაბევებული ჰქონდა ოპოზიციიდან კონკრეტული ადამიანების ხმები და არ საჭიროებდა არანაირ კონსულტაციას
ხათუნა სამნიძე - როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ უკვე დაბევებული ჰქონდა ოპოზიციიდან კონკრეტული ადამიანების ხმები და არ საჭიროებდა არანაირ კონსულტაციას

როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ უკვე დაბევებული ჰქონდა ოპოზიციიდან კონკრეტული ადამიანების ხმები და არ საჭიროებდა არანაირ კონსულტაციას, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„ეს მოლაპარაკება, რა თქმა უნდა, ფარულია. იმიტომ, რომ არავინ არ იცოდა, მაგრამ როცა ინფორმაცია არ მაქვს, მე არ მახასიათებს ადამიანებზე რაღაც იარლიყების მიწებება. არ მაქვს ინფორმაცია, რის საფუძველზე და რატომ გადაწყვიტეს. მე მთელი დღის მანძილზე მქონდა მოლოდინი და მოვუწოდებდი კიდეც ჩემს კოლეგებს, მაშინაც კი, როცა არც ვიცოდი, საერთოდ ვისზე იყო საუბარი ოპოზიციიდან, რომ მათ ესაუბრათ საკუთარი არგუმენტებით“, – განაცხადა სამნიძემ.

აღნიშნული განცხადება ხათუნა სამნიძემ იმ ოპოზიციონერ დეპუტატებთან დაკავშირებით გააკეთა, რომლებმაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი არამოსამართლე წევრის არჩევას ფარულ კენჭისყრაზე მხარი დაუჭირეს.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არის თუ არა იმის რესურსი, რომ დანარჩენ ორ ვაკანტურ ადგილზე მაინც მოხერხდეს მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის კომპრომისული შეთანხმება, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ თუ ზოგადად საუბარია ისევ, რომ ორი კანდიდატია შესარჩევი, მამუკა მდინარაძემ უნდა დაიწყოს უმცირესობასთან მოლაპარაკებები, რაც „ქართული ოცნების“ ვალდებულებაა.

„ისინი არიან უმრავლესობაში, მაგრამ არ ჰყოფნით ხმები და რომ მიიღონ საკმარისი ხმები და შესრულდეს 12 რეკომენდაცია, უნდა დაგველაპარაკონ ჩვენ, ოპოზიციას, რომ ჩვენი ხმებით შესრულდეს 12 პუნქტი. ხვალ აპირებენ კენჭისყრას, როგორც ვიცი და თუ ისევ იტყვის ბატონი მდინარაძე, „ქართულ ოცნებას“ არ გვაინტერესებს ოპოზიციასთან მოლაპარაკება, ისევ გამოგვაქვს კენჭისყრაზე და რაც მოხდება, მოხდებაო, ეს ნიშნავს, რომ ისევ შეთანხმებული არიან ალბათ და ისევ ამის იმედად არიან“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

პარლამენტმა იუსტიციის საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩია, დარჩენილ ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად კი კენჭისყრა ხელახლა გაიმართება. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ხუთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად, საერთო ჯამში, 29 კანდიდატს უყარეს კენჭი. ხმათა საჭირო რაოდენობა მიიღო ტრისტან ბენაშვილმა (93 მომხრე, ნული წინააღმდეგი), გიორგი გზობავამ (91 მომხრე, ნული წინააღმდეგი) და ზურაბ გურასპაშვილმა (93 მომხრე, ნული წინააღმდეგი).

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ასარჩევად, სულ მცირე, 90 ხმა იყო საჭირო. შესაბამისად, საბჭოს წევრების ასარჩევად საჭირო იყო როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციის ხმები. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას ოპოზიციიდან როსტომ და ნატო ჩხეიძეებმა, ნიკა მაჭუტაძემ, ბაჩუკი ქარდავამ და დილარ ხაბულიანმა დაუჭირეს მხარი.