პარლამენტის სხდომაზე ნივთიერების გაშვების ფაქტზე კობა ლურსმანაშვილი და ენძელა მაჭავარიანი გამოკითხეს
პარლამენტის სხდომაზე ნივთიერების გაშვების ფაქტზე, თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში დეპუტატები კობა ლურსმანაშვილი და ენძელა მაჭავარიანი გამოიკითხნენ.
ორივე მათგანი დაახლოებით, სამი საათის განმავლობაში პასუხობდა გამოძიების შეკითხვებს. როგორც დეპუტატებმა გამოკითხვის დასრულების შემდგომ განაცხადეს, როგორც დაზარალებულებმა გამოძიებას მათ ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდეს.
დეპუტატმა კობა ლურსმანაშვილმა გამოკითხვის შემდგომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხუთშაბათს, პარლამენტში მომხდარ ინციდენტს მისთვის ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია აქვს.
„პარლამენტში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც ეხება მიმდინარე სხდომის ჩაშლას ტერორისტული მეთოდებით, სწორედ ამ ფაქტის გამოძიებას აწარმოებს თბილისის საგამოძიებო სამსახური. გამომძიებლის მხრიდან იყო შესაბამისი შეკითხვები დასმული. მე ვარ დაზარალებული, რადგან ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მძიმედ იმოქმედა აღნიშნულმა“, – განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
როგორც დეპუტატმა განმარტა, მას არ დაუნახავს უშუალოდ ვინ მოასხა სხდომათა დარბაზში ამ დრომდე დაუდგენელი სითხე, რომელმაც რამდენიმე ადამიანს ჯანმრთელობის პრობლემები შეუქმნა.
„მე პირადად არ ვარ მოწმე, თუ ვინ ჩაიდინა ეს დანაშაული, თუმცა როგრც ვიცი, აღიარება გააკეთა და პასუხისმგებლობა აიღო ორგანიზაცია „სირცხვილიამ“. მიმაჩნია, რომ „სირცხვილაიც“ და მის გარშემო გაერთიანებული და მამოძრავებელი პოლიტიკური ორგანიზაციებიც არიან საქართველოს სირცხვილი, რადგან ყველაფერზე მიდიან. მათი ხელწერა არ იცვლება. წარსულიდან მოყოლებული, ქვეყანაში დაყენებული სიახლის გუბეები, დახოცილი და დახვრეტილი ახალგაზრდები და რა მეთოდებიც იყო მათ არსენალში, იმ მეთოდების გამოყენება გრძელდება კვლავ. საშუალება რომ მივცე მათ, გაჟუჟავენ მთელ საქართვლოს თავიანთი ინტერესების გამო“, – აღნიშნა დეპუტატმა გამოკითხვის დასრულების შემდგომ.
პარლამენტის სხდომათა დარბაზში 12 დეკემბერს, სესიის დროს დეპუტატებმა მძაფრი სუნი იგრძნეს. როგორც დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ სხდომის მიმდინარეობისას აღნიშნა, დარბაზში ორი ოპოზიციონერი დეპუტატი შევიდა და გაურკვეველი ნივთიერება შეიტანა. დეპუტატ ზაზა პაპუაშვილის ინფორმაციით, მძაფრი სუნი მას შემდეგ დადგა, რაც სხდომათა დარბაზში ლელა ქებურია და ირმა ნადირაშვილი შევიდნენ.
ამასთან გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელშიც შესაძლოა, პარლამენტში გაურკვეველი ნივთიერების გამოყენება იყოს ასახული.
პარლამენტში გაურკვეველი ნივთიერების შეტანაზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.