პარლამენტის სხდომაზე მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობისა და „ევროპული საქართველოს“ კანონპროექტებს განიხილავენ
საქართველოს პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორ კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ. ერთი პროექტი საპარლამენტო უმრავლესობას ეკუთვნის, მეორე კი „ევროპულ საქართველოს“.
ცვლილებები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებსა და არჩევის წესს განსაზღვრავს. კერძოდ, უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი ხუთ ეტაპად წარიმართება, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევას იუსტიციის უმაღლესი საბჭო იწყებს, ვაკანსიაზე განცხადებების მიიღება კი შერჩევის პროცედურის დაწყებიდან ოთხი კვირის განმავლობაში მოხდება.
ცვლილებების თანახმად, კონკურსში მონაწილება შეუძლიათ მოქმედ მოსამართლეს ხუთწლიანი პროფესიული გამოცდილებით, ასევე ყოფილ მოსამართლეს პროფესიული მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილებით, მაგრამ მისი სამოსამართლო უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 წელი არ უნდა იყოს გასული. ასევე, კონკურსში ჩართვის უფლება ექნება სამართლის დარგის გამორჩეული კვალიფიკაციის სპეციალისტს, რომელსაც სპეციალობით მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილება აქვს და ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.
ამასთან, კანონპროექტით განისაზღვრება, რომ საჯარო მოსმენაზე კანდიდატები წარდგებიან ინდივიდუალურად და იუსტიციის საბჭოს წევრებს უფლება ექნებათ, თითოეულ კანდიდატს კითხვით მიმართონ.
ცვლილებებით კონკრეტდება, რომ თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი იმავდროულად არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ის არც ერთ ეტაპზე ხმის მიცემის უფლებით არ სარგებლობს.
ინიციატივის მიხედვით, კანდიდატების კანონმდებლობასთან შესაბამისობას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დაადგენს, რომელიც ამ მიზნით სამუშაო ჯგუფს შექმნის. კომიტეტი საჯარო სხდომაზე თითოეულ კანდიდატს მოუსმენს, კანდიდატები კი დეპუტატთა კითხვებს უპასუხებენ.
ამასთან, ცვლილებებით ზუსტდება, რომ პარლამენტი მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭს პლენარულ სხდომაზე ცალ-ცალკე უყრის.
რაც შეეხება „ევროპული საქართველოს“ პროექტს, ცვლილებების თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება ექნება, პარლამენტისთვის წარსადგენად საბჭოს წინაშე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი დაასახელოს.
თუ დასახელებული კანდიდატი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის დადგენილ ფორმალურ კრიტერიუმებს (განათლება, სამუშაო გამოცდილება, ასაკობრივი ცენზი) აკმაყოფილებს, პარლამენტისთვის წარსადგენ სიაში ავტომატურად მოხვდება.
ამასთან, ცვლილებებით, საბჭოს უფლება ექნება, უარი თქვას რომელიმე კანდიდატის წარდგენაზე, თუ ამას დაასაბუთებს საბჭოს რომელიმე წევრი, ოღონდ გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი იქნება სრული კონსენსუსი.
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 18 კანდიდატი უნდა აირჩიოს. უმრავლესობა განმარტავს, რომ ეს პროცესი ზაფხულის ბოლომდე გაგრძელდება. აღნიშნული კანონპროექტები იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა, უმრავლესობის ინიციატივას მხარი დაუჭირა, „ევროპული საქართველოს“ პროექტი კი კენჭისყრაზე ჩააგდო. ეკა ბესელიასა და 12 დეპუტატის მიერ მომზადებული კანონპროექტის კომიტეტის სხდომაზე განხილვა არ მოხდა, რადგან მომხსენებლები შაბათს გამართულ სხდომაზე პროტესტის ნიშნად არ გამოცხადდნენ.