მიხეილ სარჯველაძე - საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის ღიაობა ევროპის ბევრ სახელმწიფოს შეშურდებოდა
მიხეილ სარჯველაძე - საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის ღიაობა ევროპის ბევრ სახელმწიფოს შეშურდებოდა

ევროპის ძალიან ბევრ სახელმწიფოს შეშურდებოდა საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცედურების ღიაობა, რომლითაც განიხილება რეალურად კანდიდატურები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კარგი იქნება, თუ პროცესში ოპოზიცია მეტად აქტიურად ჩაერთვება.

„მოსამართლეების არჩევის პროცესი აბსოლუტურად ინკლუზიურია იმ თვალსაზრისით, რომ ყველასთვის ღიაა და მართლაც უპრეცედენტოდ ტრანსფარანტული პროცესი. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ევროპის ძალიან ბევრ სახელმწიფოს შეშურდებოდა საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცედურების ღიაობა, რომლითაც განიხილება რეალურად კანდიდატურები. საზოგადოების ყველა წევრს აქვს საშუალება, სრული შთაბეჭდილება შეიქმნას იმის თაობაზე, რომელი კანდიდატი იმსახურებს სასამართლოში განმწესებას და რომელი შეიძლება, არ იმსახურებდეს. მე ვამჯობინებდი, რომ უფრო აქტიური იყოს ჩართულობა ოპოზიციის მხრიდან, ვიდრე დღეს იყო. სასურველია კრიტიკული ხმა აუცილებლად ისმოდეს, მათ შორის ამ გადაწყვეტილებაზე სწორი შეხედულებების ჩამოსაყალიბებლად. დღეს ზოგიერთი ოპოზიციონერი ლიდერისგან მოვისმინე ძალიან ზოგადი, უტრირებული შენიშვნა პროცესთან მიმართებით, რაც ჩემი მხრიდან პროცესის გაუმჯობესების ნაწილად ნამდვილად არ იქნება აღქმული“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.