პარლამენტის შენობასთან მოძრაობა „შეცვალეს“ წარმომადგენლები იკრიბებიან და მდუმარე აქციას აანონსებენ.
საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილებს შეუერთდა „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენელი ლაშა ჩხარტიშვილი. მისი თქმით, ის ემხრობა სამოქალაქო აქტივისტების ნაწილის იდეას, დაუდგნენ გვერდით მალხაზ მაჩალიკაშვილს და საღამოს 10:00 საათიდან ახალ წელს მასთან ერთად შეხვდნენ.
„სამარცხვინო, ამორალური, არნახული ცინიზმი ივანიშვილისა და კალაძის მხრიდან, როცა მათ შვილმოკლული მამის აქცია დაარბიეს და იმის მაგივრად, რომ მისი შვილის მკვლელები დაესაჯათ, აი, ასე მიულოცეს მას და მთელ საქართველოს ახალი წელი. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ გეგმა ასეთი არ იყო, მე ვემხრობი სამოქალაქო აქტივისტების ნაწილის იდეას, საღამოს 10:00 საათიდან, 10:30 საათიდან ჩვენც მალხაზ მაჩალიკაშვილის გვერდით ვიყოთ, მასთან ერთად შევხვდეთ ახალ წელს, რათა ვაჩვენოთ საკუთარ ქვეყანას და მთელ მსოფლიოს, რომ ამ ქვეყანაში უსამართლობაა, ხელისუფლების მხრიდან ძალადობას საკუთარ მოქალაქეებზე არ შევეგუებით და ამ ფორმით, ურთიერთთანადგომით შევხვდებით ახალ წელს, რომელიც უნდა იყოს სამართლიანობისა და თავისუფლების მომტანი“, – განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.
ცოტა ხნის წინ, მცირე ინციდენტი მოხდა. გამვლელმა მოქალაქეებმა შენობის წინ აქციის გამართვა გააპროტესტეს.
დასუფთავების სამსახურმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან კარვები ღამით აიღო და ადგილზე საბავშვო ატრაქციონებისა და საახალწლო დეკორაციების დამონტაჟება დაიწყო.
ოპოზიციური პარტიებისა და ახალგაზრდული მოძრაობების წარმომადგენლები კარვების აღებას აპროტესტებენ.