პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა ირაკლი ხახუბიას ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
„კოლეგებო, დღეს ვემშვიდობებით ჩვენს გამორჩეულ მეგობარს და კოლეგას, ირაკლი ხახუბიას. ის იყო ორი მოწვევის პარლამენტის წევრი, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი, საკუთარი მშობლიური კუთხის წარმომადგენელი, რომელზეც უზომოდ იყო შეყვარებული. მისი ყოველდღიური ფიქრი თავისი ოჯახის სიყვარულს და სამშობლოს უანგარო სამსახურს ეკუთვნოდა. ამიტომაც იყო გამორჩეულად თბილი და პატრიოტი ადამიანი. გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მის ხსოვნას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამასთან, პარლამენტის წევრთა საერთო გადაწყვეტილებით, დღევანდელი პლენარული სხდომა დაიხურა და საპარლამენტო საქმიანობა ხვალიდან გაგრძელდება.
„კოლეგებო, ფრაქციებს შორის გამართული კონსულტაციის შედეგად, იცით, რომ ვინაიდან დღეს ვემშვიდობებით ჩვენს კოლეგას, ყველა ფრაქციამ, დეპუტატმა უარი თქვეს, გამოიყენონ პოლიტიკური განცხადებებისთვის განკუთვნილი დრო. ასევე, შეთანხმებისამებრ, გთავაზობთ, დღევანდელ სხდომაზე საკითხების განხილვა აღარ იყოს, დავხუროთ დღევანდელი სხდომა. უკანასკნელ გზაზე გავაცილოთ ჩვენი კოლეგა და ხვალიდან ბიუროს სხდომით და შემდეგ პლენარული სხდომით გავაგრძელოთ საპარლამენტო საქმიანობა. მადლობა, სხდომა დახურულია“, – მიმართა შალვა პაპუაშვილმა დეპუტატებს მას შემდეგ, რაც მათ ხელის აწევით დაადასტურეს, რომ სხდომის დახურვაზე თანახმა იყვნენ.