საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში დღეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს მოუსმენენ.
დავით სერგეენკოსთან შეხვედრა ბავშვთა დაცვისა და სოციალური მუშაობის სისტემის პრობლემებთან დაკავშირებით იგეგმება.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აცხადებენ, მთავარი კითხვები, რომლებსაც დავით სეერგენკოს დაუსვამენ, სოციალური მუშაობის პრიორიტეტებსა და გამოწვევებს ეხება. ასევე, მმართველი გუნდის წევრები გეგმავენ, კითხვები სოციალური რეფორმის კუთხით მიღებულ კანონპროექტზე დასვან.
„მთავარი თემა არის სოციალური მუშაობა – რა პრიორიტეტები, გამოწვევები და პრობლემები არსებობს დღეს, რომ სოციალური მუშაკების საქმიანობა უფრო მეტად იყოს განვითარებული ქვეყანაში. გასულ წელს მივიღეთ ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რითაც გავხსენით სოციალური მუშაობის რეფორმა. ჩვენ გვაინტერესებს მისი იმპლემენტაციის საკითხი, როგორ ვითარდება. კითხვები იქნება ამ თვალსაზრისით. როდესაც დავიწყეთ მუშაობა სოციალური სამუშაოს რეფორმაზე, ჩვენი მთავარი გამოწვევა გარდა იმისა, რომ იმ ადამიანის უფლებები დაგვეცვა, რომლისთვისაც განსაკუთრებით საჭიროა სოციალური მუშაკის არსებობა, ასევე მნიშვნელოვანი იყო, სოციალური მუშაკების უფლებებთან დაკავშირებით გარანტიები ყოფილიყო. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, საკანონმდებლო გარანტიები შეიქმნას“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა.
საპარლამენტო უმცირესობაში აცხადებენ, რომ სოციალური მუშაკების მუშაობის კუთხით სერიოზული სისტემური პრობლემები ფიქსირდება. ოპოზიციას დავით სერგეენკოსგან აინტერესებს, რას აპირებს ჯანდაცვის სამინისტრო სოციალური მუშაკის სამსახურის გაუმჯობესების მიმართულებით.
„აქ არის სერიოზული სისტემური პრობლემები, როგორიც არის სოციალური მუშაკების რაოდენობა, მათი სამუშაო პირობები, სატრანსპორტო საშუალებები, ელემენტარულად, შეუძლიათ თუ არა რაღაც ძალიან მწვავე გამოძახების დროს მიაღწიონ იმ ადგილამდე, რომ უშველონ ბავშვს. სოცმუშაკები მუშაობენ დაახლოებით 29 მიმართულებით და რეალურად ვერ აუდიან საქმეს“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა, ელენე ხოშტარიამ.
საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომა 10:00 საათზეა ჩანიშნული.