პარლამენტის იურიდიული კომიტეტი „გირგვლიანის შესწორებებსა“ და მანდატურის ინსტიტუტის რეფორმირებაზე იმსჯელებს
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს ე.წ. გირგვლიანის შესწორებების შესახებ იმსჯელებს.
კანონპროექტის მიზანია, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ სისტემური დანაშაულის დროს ჩადენილი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემადგენლობის განსაზღვრა, ასევე მკაცრი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და პროპორციული სასჯელის დაწესება.
„ეს არის ცვლილება, რომელსაც უნდა ჰქონდეს პრევენციული ხასიათი იმ სისტემური დანაშაულებების წინააღმდეგ, რომელსაც ადგილი ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს. მაგალითად, ადამიანების გატაცებები, უკანონოდ თავისუფლების აღკვეთა, ვთქვათ, საკუთრების უფლების ხელყოფა. ორი ახალი მუხლის დამატება ხდება სისხლის სამართლის კოდექსში, რომლებშიც წარმოდგენილი იქნება, თავმოყრილი იქნება ყველა ეს შემთხვევა. ასეთი შემთხვევებზე მკაცრდება სასჯელი, ერთი მხრივ, დანაშაულებრივი ბრძანების გამცემი პირის მიმართ, ასევე ამავე დანაშაულებრივი დავალების შემსრულებელი პირების მიმართაც. გამოყენებული იქნება სანქციები სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულების შემთხვევებშიც“, – განაცხადა დეპუტატმა გიორგი კახიანმა.
კომიტეტის სხდომაზე ასევე იმსჯელებენ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. კანონპროექტით იზრდება სკოლის მანდატურის უფლებამოსილება და წესრიგის დაცვასთან ერთად, მას დაევალება სკოლის ტერიტორიაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფაც.
„ეს ცვლილებები, პირველ რიგში, მიზნად ისახავს, რომ მანდატურის ინსტიტუტის დამოუკიდებლობა გაიზარდოს. მეორე მხრივ, უსაფრთხო გარემო კიდევ უფრო მეტად იყოს უზრუნველყოფილი სკოლებში. ცვლილებები შეეხება ფსიქოლოგიური მომსახურეობის გაწევას. ასევე, ზოგიერთ შემთხვევაში, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ტრენინგების წარმართვა, ძალადობის საწინააღმდეგო კამპანიების უზრუნველყოფა, ვიდეოკამერებით თვალთვალი სკოლის შიდა და გარე პერიმეტრზე სავალდებულო გახდება. იცვლება მანდატურების ცენზი. ასევე ტერმინი პირადი გასინჯვა იცვლება ტერმინით უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე სულ 13 საკითხს განიხილავს.