პარლამენტი „გირგვლიანის შესწორებებს“ პირველი მოსმენით უყრის კენჭს
პარლამენტი „გირგვლიანის შესწორებებს“  პირველი მოსმენით უყრის კენჭს

პარლამენტი ე.წ. გირგვლიანის შესწორებების სახელით ცნობილ კანონპროექტს პირველი მოსმენით დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყრის კენჭს.

„სისხლის სამართლის კოდექსში“ მომზადებული ცვლილებები გუშინდელ პლენარულ სხდომაზე განიხილეს, თუმცა იმის გამო, რომ კვორუმი არ იყო, კენჭისყრები არ ჩატარდა.

ცვლილებები სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ უკანონო ბრძანების გაცემის ან დავალების მიცემის, აგრეთვე, თანამდებობრივი უფლებამოსილებით ან მდგომარეობით ბოროტად სარგებლობის შემთხევაში, სისხლისსამართლებრივ სასჯელს ითვალისწინებს. ამას გარდა, კანონპროექტში აღწერილია დანაშაულებრივ ქმედებათა შემადგენლობა და გათვალისწინებულია სანქციები.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ კანონპროექტი უზრუნველყოფს მოქალაქეთა დაცულობას სახელმწიფო ძალმომრეობისგან, მეორე მხრივ კი, მართლმსაჯულების ხელშეუხებლობას.