ოთარ კახიძე პრეზიდენტს ურჩევს, ვანო მერაბიშვილზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას გაეცნოს
ოთარ კახიძე პრეზიდენტს ურჩევს, ვანო მერაბიშვილზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას გაეცნოს

„ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ურჩევს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას გაეცნოს, რომელიც ვანო მერაბიშვილის საქმეს ეხება.

ჟურნალისტებთან საუბარში ოთარ კახიძე „გირგვლიანის შესწორებებთან“ დაკავშირებით პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური მიზნებისთვის გარდაცვლილი ადამიანის გამოყენება ამორალური საქციელია.

„მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ დიდი პალატის გადაწყვეტილებაა, სადაც მე-18 მუხლის დარღვევაა დადგენილი. მას ასევე ვურჩევ, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სასამართლოთა გადაწყვეტილებებს გაეცნოს, რომელთა მიხედვით, ჩვენ პოლიტიკური დევნილები გვყავს და არამხოლოდ 2012 წლის ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საწინააღმდეგოდ შემუშავებულ რაღაც გაურკვეველ სიას. რაც შეეხება „გირგვლიანის შესწორებებს“, ტრაგედიით მანიპულირება და პოლიტიკური მიზნებისთვის გარდაცვლილი ადამიანის გამოყენება ამორალურ საქციელად მიმაჩნია“, – დასძინა კახიძემ.

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილმა დღეს განაცხადა, რომ „გირგვლიანის შესწორებების” განხორციელების ინიციატივას მხარს უჭერს, თუმცა დღემდე რაიმე რეალური დოკუმენტი, რომლის თაობაზეც საუბარს შეძლებდა, ხელთ არ აქვს.