პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ ერთ-ერთი პირის გამოკითხვა ხორავას ქუჩაზე მიმდინარეობს
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ ერთ-ერთი პირის გამოკითხვა ხორავას ქუჩაზე მიმდინარეობს

ხორავას ქუჩაზე იმ პირის გამოკითხვა მიმდინარეობს, რომელიც პირველ დეკემბერს, არასრულწლოვნებს შორის დაპირისპირებისას შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა.

მოწმე ნიკოლოზ იორდანიშვილი ამ წუთებში ადგილზე იმ ავტომობილით არის მისული, რომლითაც პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე  იმყოფებოდა.

როგორც კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძემ პირველ არხს განუცხადა, მათი ამოცანაა, შეხვდნენ მაქსიმალურად ბევრ ადამიანს, ვინც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა.

„რასაც ვისმენთ, ამის შეფასება ძალიან ძნელი გასაკეთებელია, ჯერ ფრაგმენტული ინფორმაცია მოდის. ყველამ რაც დაინახა, იმას გვიყვება. ზოგი ამბობს, რომ ბევრი არაფერი აქვს დანახული. მაგრამ ჩვენი სამუშაო ჯგუფის ამოცანა სწორედ ის არის, რომ ადამიანების მაქსიმალურ რაოდენობას შევხვდეთ ვინც ადგილზე იყვნენ. ვინც ამ ტრაგედიას ფანჯრებიდან უყურებდა ან შემთხვევის ადგილზე მის შემდეგ გამოვიდა.

ჩვენ ახლა ამ პროცესში ვართ, ინფორმაციას მაქსიმალურად ვაგროვებთ. მერე უკვე ამ ინფორმაციის ანალიზი, წინა ჩვენებებთან შედარება მოხდება. შესაბამისი დასკვნების გაკეთება ამის შემდეგ შეგვეძლება”,- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ნიკოლოზ იორდანიშვილი პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე, შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრში მანქანაში იმყოფებოდა.

კომისიის წევრები საგამოძიებო ექსპერიმენტს ატარებენ, თუ რა მდგომარეობაში იყო ეს მოწმე, შეეძლო თუ არა დაენახა მას ხორავას ქუჩაზე მომხდარი.