პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ხორავას ქუჩაზე მკვლელობის არასრულწლოვან მოწმეებს მოუსმენს
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ხორავას ქუჩაზე მკვლელობის არასრულწლოვან მოწმეებს მოუსმენს

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები გამოკითხვებს აგრძელებენ. 26-28 ივლისს კომისიის წევრები არასრულწლოვანთა გამოკითხვას გააგრძელებენ.

გუშინდელ, მეცამეტე სხდომაზე მთავარი პროკურატურის წარმომადგენლების მოსმენა გაგრძელდა. კომისიამ საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის მამუკა ვასაძის, საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის გიორგი გაბიტაშვილის, ქალაქ თბილისის პროკურორის მალხაზ კაპანაძისა და ქალაქ თბილისის პროკურორის მოადგილის კონსტანტინე სირაძის ოფიციალური ახსნა-განმარტებები მოისმინა.

მოგვიანებით კი, კომისიის წევრებმა დახურულ რეჟიმში ორი არასრულწლოვნის ახსნა-განმარტება მოისმინეს.

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის ინფორმაციით, კომისიის მორიგი სხდომა 3 აგვისტოს გაიმართება, რომელზეც ყოფილ მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს მიიწვევენ.