პარლამენტი პირველი რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლისთავთან დაკავშირებულ კონფერენციას მასპინძლობს
საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პირველი რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიხსნა. კონფერენციას სახელწოდებით – „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა – 100“ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი მასპინძლობს. კონფერენცია პირველი რესპუბლიკის დარბაზში იმართება.
როგორც პირველ არხს კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძემ განუცხადა, ღონისძიება სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება და აკადემიურ წრეებსა და მეცნიერულ აუდიტორიებში გადაინაცვლებს.
„პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა მე-20 საუკუნისთვის უნიკალური მოვლენა იყო, რომელიც პროგრესული საზოგადოებისთვის ევრაზიის შესაყარზე დიდი მიზიდულობის ცენტრი გახდა. ეს იყო ბრწყინვალე რესპუბლიკა, რომელსაც, რომ არა რუსეთის ოკუპაცია და შემდეგ ანექსია, დიდი მომავალი ექნებოდა.
საუბედუროდ, 1921 წელს რესპუბლიკის ფუნქციონირება შეწყდა და ქართველმა ხალხმა დამოუკიდებლობის აღდგენა მხოლოდ 90-იანი წლების დასაწყისში შეძლო.
პირველი რესპუბლიკის გამოცდილება მთლად მარტივი არ იყო და დღემდე ისტორიკოსები სხვადასხვანაირად აფასებენ, თუმცა ქართული სახელმწიფოს ისტორიაში ეს იყო ყველაზე წარმატებული და ნათელი პერიოდი“, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.