პარლამენტი დღეს ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით დაამტკიცებს
პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით დაამტკიცებს.
საკანონმდებლო ორგანო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღებას მიმდინარე კვირის ბოლომდე გეგმავს, რომელსაც მესამე მოსმენით საგაზაფხულო სესიაზე დაამტკიცებს.
დეპუტატებმა ცვლილებებზე პირველი მოსმენით გუშინ იმსჯელეს და საკითხს კენჭი დღეს ეყრება, რისთვისაც უმრავლესობას ცვლილებების დამტკიცებისთვის 113 დეპუტატის მობილიზება დასჭირდება.
რაც შეეხება ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებს, პროექტი ერთი მხრივ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბლოკების ერთჯერადად დაშვებას უზრუნველყოფს, მეორე მხრივ კი, 2024 წელს ე.წ. ბონუსს სისტემა აღარ ამოქმედდება. ამასთან, ცვლილებები რელიგიისა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავებსაც ეხება.
კერძოდ, მესამე მოსმენით მიღებული კონსტიტუციიდან ამოღებულია სიტყვები – „სახელმწიფო უსაფრთხოება“, „დანაშაულის თავიდან აცილება“, „მართლმსაჯულების განხორციელება“ და აღნიშნულია, რომ „ყოველ ადამიანს აქვს რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლება. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით“.
ცვლილებებით, საარჩევნო ნორმებისა და არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებებიც ფართოვდება და შესაბამისი სარჩელის განხილვის ვადები სამი თვით იზრდება. გარდა ამისა, ის ჩანაწერიც უქმდება, რომლის თანახმად, არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხს საკონსტიტუციო სასამართლო სიითი შემადგენლობის სრული თანხმობით წყვეტს.
ამასთან, ცვლილებები ეხება საარჩევნო თემატიკასაც. კონსტიტუციის ახალი რედაქციიდან ამოღებულია ე.წ. ბონუსს სისტემა. შესაბამისად, კონსტიტუციური პროექტით, საპარლამენტო არჩევნებში ყველა მანდატი განაწილდება პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების პროპორციულად. ასევე ცვლილებებით, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, პოლიტიკური პარტიების გარდა, პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებსაც ექნებათ.
აღსანიშნავია, რომ ზემოთ აღნიშნული ოთხი საკითხის გარდა, კონსტიტუციური პროექტით, პრეზიდენტის არჩევის ნაწილში ტერმინოლოგიური ცვლილებაც ხორციელდება. კერძოდ, ტერმინი „ხმოსანი“ ტერმინით – „საარჩევნო კოლეგიის წევრი“ იცვლება.
პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით 26 სექტემბერს დაამტკიცა, თუმცა იმის გამო, რომ მას პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო, უმრავლესობას ვეტოს დაძლევა 13 ოქტომბერს მოუწია. თავად კონსტიტუცია კი ძალაში 2018 წელს, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შევა.