პარიზის პარალიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი, პარამსროლელი ლადო ჭინჭარაული სამშობლოში დაბრუნდა
პარიზის პარალიმპიური თამაშებიდან საქართველოში დაბრუნდა ქართველი პარამსროლელი, ვერცხლის მედლის მფლობელი ლადო ჭინჭარაული. მან R9 კატეგორიაში შაშხანის 50 მეტრზე სროლის ფინალში იასპარეზა, 248,2 ქულა დააგროვა და პარალიმპიადის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
წარმატება ქართველ პარალიმპიელს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა და სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელმა, სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ლეგენდარულმა ტყვიის მსროლელმა, ნინო სალუქვაძემ მიულოცეს. სპორტსმენებს ელოდნენ გულშემატკივრები და ახლობლებიც.
ლადო ჭინჭარაულმა პარალიმპიადაზე მეორედ იასპარეზა. აღსანიშნავია, რომ ის პირველი ქართველი პარამსროლელია, რომელმაც პარალიმპიადაზე მედლის მოპოვება შეძლო.
ამ დროისთვის პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს შვიდი მედალი აქვს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. პარიზში ჩემპიონობა პარამძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ იზეიმა. ვერცხლის მედლები პარაძიუდოისტებმა ზურაბ ზურაბიანმა და გიორგი ქალდანმა მოიპოვეს, ბრინჯაოსმედალოსნები კი პარაძიუდოისტი ინა ქალდანი, ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილი და 19 წლის პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე გახდნენ.