პარაგვაის ჯანდაცვის მინისტრი - საქართველოს მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს, მყავს არაერთი ქართველი მეგობარი, ძალიან მიყვარს ათასწლოვანი ქართული კულტურა
პარაგვაის ჯანდაცვის მინისტრი - საქართველოს მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს, მყავს არაერთი ქართველი მეგობარი, ძალიან მიყვარს ათასწლოვანი ქართული კულტურა

დღესდღეობით ახალი ტიპის კორონავირუსის ერთ-ერთი ეპიცენტრი ბრაზილიაა, 210-მილიონიანი ქვეყანა, სადაც ინფიცირების რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა, გარდაცვლილთა რიცხვი 29 000-მდეა. ეპიდაფეთქება ბრაზილიაში დიდ საფრთხეს წარმოადგენს მისი მეზობელი სახელმწიფოებისთვის – პარაგვაისა და ურიგვაისთვის. ორივე მათგანი „კოვიდ-19“-თან ბრძოლის თვალსაზრისით ლათინურ ამერიკაში სამაგალითო ქვეყნებადაა აღიარებული.

პარაგვაის მთავრობამ ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად ზომები გავრცელების ადრეულ ეტაპზე მიიღო, თუმცა საფრთხე მზარდია. ამ საფრთხეს ბრაზილიის ეპიდაფეთქება წარმოადგენს. პარაგვაიში კორონავირუსით ინფიცირების 964 შემთხვევა გამოვლინდა და 11 ადამიანი გარდაიცვალა. უახლესი მონაცემებით, მკურნალობას 487 ადამიანი გადის. მათგან კრიტიკულ მდგომარეობაში ორი პაციენტი იმყოფება.

„კოვიდ-19“-თან ბრძოლის სტრატეგიასთან დაკავშირებით საქართველოს პირველი არხის ანალიტიკურმა საკვირაო გადაცემამ, „ახალმა კვირამ“ ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა პარაგვაის ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების მინისტრ ხულიო მასოლენისთან.

„ახალი კვირა“: დღეს პარაგვაიში ინფიცირების 970-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 400-ზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა, დაბალია სიკვდილიანობის მაჩვენებელიც, რის გამოც თქვენი ქვეყანა რეგიონში სამაგალითო მოდელად აღიარა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ. რა იყო პარაგვაის ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი სტრატეგია „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლაში?

ხულიო მასოლენი: პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ პარაგვაის ჯანდაცვის სისტემა ბოლო ოცი წელია, უმკლავდება დენგეს ცხელებას [რიბონუკლეინის მჟავის შემცველი არბოვირუსი, რომელიც კოღოებს გადააქვთ]. შესაბამისად, ჩვენ ადვილად გავაცნობიერეთ, რომ ახალი ეპიდემია ჩვენი ჯანდაცვის სისტემას საფრთხეს შეუქმნიდა. დროულად დავიწყეთ მოქმედება, რადგან ცხადი იყო, რომ ვირუსი მთელ ტერიტორიაზე გავრცელდებოდა. დროულად ჩავკეტეთ საზღვრები, დროულად დაწესდა შეზღუდვები, დროულად მოხდა მოსახლეობის იზოლაცია სახლებში, დაიკეტა ყველაფერი, გამოცხადდა ე.წ. ლოქდაუნი, სამხედრო ბაზების ნაწილი და სასტუმროები კი თავშესაფრებად, საკარანტინო ზონებად გადაკეთდა. ცხადია, ეს ყველაფერი ასეც უნდა მომხდარიყო, მაგრამ ჩვენ ზომები ადრევე, ინფიცირების მეორე შემთხვევის გამოვლენისთანავე მივიღეთ და დაუყოვნებლივ დავიწყეთ ამ პაციენტის კონტაქტების შესწავლა. ასე რომ, ჩვენი მთავარი სტრატეგია ადრეულ ეტაპზე ღონისძიებების გატარება იყო.

– რამდენად მასობრივად ტარდება PCR ტესტირება პარაგვაიში?

– პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ პარაგვაიში მხოლოდ პისიარტესტებს (PCR) ვაკეთებთ და ეს, თავისთავად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას ეფუძნება. ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გავზარდეთ ჩვენი შესაძლებლობები. ერთ მილიონ მოსახლეზე ტესტების რაოდენობით ვასწრებთ არგენტინას და მცირე მაჩვენებლით ჩამოვრჩებით ბრაზილიას. ეს ნამდვილად დადებითი შედეგია.

– დღეს ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ ეპიდაფეთქების ეპიცენტრი ბრაზილიაა. ამ ქვეყანას და პარაგვაის 1400-კილომეტრიანი საერთო საზღვარი აქვთ. რამდენად დიდ საფრთხეს ხედავთ ამაში და ხომ არ ფიქრობთ, რომ ბრაზილიაში მიმდინარე პროცესები პარაგვაის ჯანდაცვის სისტემაზე უარყოფითად აისახება?

– საზღვარი ჩაკეტილია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ბრაზილია მართლაც ეპიდემიის ეპიცენტრად იქცა. მათ თავიდანვე განსხვავებული სტრატეგია აირჩიეს. ბრაზილიაში ბევრი პარაგვაელი ცხოვრობს და მუშაობს. შექმნილი ვითარების გამო, მათი დიდი ნაწილი სამშობლოში ბრუნდება. სწორედ ეს ფაქტი წარმოადგენს მთავარ საფრთხეს პარაგვაის ჯანდაცვის სისტემისთვის, რის გამოც ყველა მათგანი სავალდებულო კარანტინს გადის სამხედრო ბაზაზე, რომელიც დროებით საკარანტინო ზონადაა გადაკეთებული. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო სამ კვირაში პარაგვაიში აღრიცხული ინფიცირების შემთხვევების 95 პროცენტი სწორედ ბრაზილიიდან იმპორტირებული შემთხვევებია.

– ვიცით, რომ არ არსებობს ვაქცინა, არ არსებობს მკურნალობის ერთი კონკრეტული პროტოკოლი და ყველა ქვეყანას თავისებური მიდგომა აქვს. რა წამლები გამოიყენება, ძირითად შემთხვევაში, პარაგვაის კლინიკებში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ?

– ჩვენ, ისევე როგორც სხვა ქვეყნების უმეტესობა, ექსპერიმენტული მკურნალობის მეთოდს მივმართავთ. გამოვიყენეთ ჰიდროქლოროქინი, აივინფექციის საწინააღმდეგო წამლები, ასევე რამდენიმე ბიოლოგიური პრეპარატი. მოგეხსენებათ, ეს ის შემთხვევაა, როცა მკურნალობას დიდი სიფრთხილით უნდა მივუდგეთ. რაც შეეხება ჰიდროქლოროქინს, ამ უკანასკნელსაც სიფრთხილით ვიყენებდით უკიდურეს შემთხვევებში. გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო კვლევები ამ მედიკამენტის წინააღმდეგ ჩვენებებს იძლევა, ამ პრეპარატის დადებით შედეგზე უკვე ნაკლებად ვართ ორიენტირებული. ჩვენ ვმონაწილეობთ იმ ოთხი მედიკამენტის გამოცდის პროცესში, რომლებსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მის პარტნიორებთან ერთად უძღვება და იმედი მაქვს, რომ საბოლოო მკურნალობის ძიებაში დადებით პასუხს მივიღებთ. ასევე,ა დრო სჭირდება ვაქცინის შექმნას, რაზეც გულდასმით მუშაობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები. მანამდე კი გეტყვით, რომ საუკეთესო „ვაქცინა“ სოციალური დისტანციისა და პირადი ჰიგიენის დაცვა, ხელების ხშირი ბანვა და სამედიცინო ნიღბის ტარებაა.

– რა ვითარებაა დღეს პარაგვაიში, სადაც მკაცრი შეზღუდვები სანახევროდ მოიხსნა და მეორე ტალღის შემთხვევაში, რამდენად მომზადებულია ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა?

– ჩვენ გონივრულად უნდა მივუდგეთ ეპოქას, რომელსაც კორონავირუსის ეპოქა ჰქვია და ვიცხოვროთ ე.წ. ჭკვიანურ კარანტინში. ასე ვუწოდებთ არსებულ ვითარებას პარაგვაიში, რომელიც მკაცრი აკრძალვების ნაწილობრივ მოხსნას და ახალ რეალობაზე გადასვლას გულისხმობს, თუმცა ძალაში რჩება „ჭკვიანური კარანტინი“ იმ მიზნით, რომ ხალხი არ მოდუნდეს, არ შეწყვიტოს ზრუნვა პირად ჰიგიენაზე და ატაროს სამედიცინო ნიღაბი. ეს ყველაფერი ჰგავს ფეხბურთის მატჩს, როცა პირველი ტაიმი წარმატებით გავიარეთ, მაგრამ წინ მეორე ტაიმია, რომელსაც აუცილებლად მომზადებული შევხვდებით.

– ძალიან დიდი მადლობა, რომ გამონახეთ დრო ჩვენი გადაცემისთვის.

– დიდი მადლობა თქვენ იმისთვის, რომ მომეცით საშუალება, გამეზიარებინა ჩემი ქვეყნის გამოცდილება ქართული ტელეარხისთვის. საქართველოს მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს, მყავს არაერთი ქართველი მეგობარი, ვისთან ერთადაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ემორის უნივერსიტეტში ვსწავლობდი. ძალიან მიყვარს ქართული ათასწლოვანი კულტურა, რომელიც მართლაც გამორჩეულია.

დატოვე კომენტარი