ილია დარჩიაშვილი პარაგვაის პრეზიდენტს შეხვდა
ილია დარჩიაშვილი პარაგვაის პრეზიდენტს შეხვდა

პარაგვაის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი რესპუბლიკის პრეზიდენტმა, სანტიაგო პენია პალასიოსმა მიიღო. შეხვედრა პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა და მას ასევე ესწრებოდა პარაგვაის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე რაულ ლუის ლატორე მარტინესი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე პარაგვაის პრეზიდენტი მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს პარაგვაიში, რომელიც პირველად განხორციელდა ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდგომ. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საერთო ღირებულებებს, რომლებსაც ეფუძნება საქართველოსა და პარაგვაის ურთიერთობები და გამოთქვეს მზაობა, გაააქტიურონ მუშაობა ქვეყნებს შორის მჭიდრო კავშირების განსამტკიცებლად.

„მხარეებმა ისაუბრეს ევროპის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე. პარაგვაის რესპუბლიკის პრეზიდენტი დაინტერესდა საქართველოს რეგიონული როლით, ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესით. ქართულმა მხარემ პრეზიდენტს ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობის შესახებ.

მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები სამომავლოდ თანამშრომლობის აქტუალურ სექტორებზე. ორი ქვეყნის მნიშვნელოვანი რეგიონული და სატრანზიტო როლის გათვალისწინებით, გამოითქვა მზაობა სავაჭრო-ეკონომიკური, ტურიზმის სფეროში, განათლებისა და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავების მიმართულებით.

ილია დარჩიაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის საპარლამენტო კავშირების განმტკიცების მნიშვნელობას“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, პარაგვაის პრეზიდენტმა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევა საქართველოში.