პაპუნა მარგველიძე - მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, საძიებო სამუშაოები არ შეფერხებულა, მიმდინარეობს ტერიტორიის მიწის მასისგან გასუფთავება
სტიქიის ზონაში სამაშველო სამუშაოები იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მცირედი თეორიული შანსიც კი იქნება ჩვენი დაკარგული მოქალაქეების პოვნის, – ამის შესახებ რაჭის გუბერნატორმა, პაპუნა მარგველიძემ განაცხადა.
„უკვე მე-18 დღეა, სტიქიის შედეგად დაკარგული მოქალაქეების საძიებო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ დროის მდგომარეობით, 27 მოქალაქის ცხედარია ამოსვენებული. მიმდინარეობს ექვსი დაკარგული მოქალაქის საძიებო სამუშაოები როგორც სტიქიის ეპიცენტრში, ასევე კურორტ შოვის ტერიტორიაზე, მდინარე ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში, სადაც მძიმე ტექნიკის საშუალებით მიმდინარეობს კალაპოტის ფორმირება და არსებული კუნძულების დამუშავება. 27 დაღუპულიდან 25 ცხედარი არის იდენტიფიცირებული, პროცედურები სჭირდება დნმ-ის ანალიზს. 60 კილომეტრზე მეტია ძებნის არეალი. სამაშველო სამუშაოები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მცირედი თეორიული შანსიც კი იქნება ჩვენი დაკარგული მოქალაქეების პოვნის.
მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე არ შეფერხებულა საძიებო სამუშაოები. დარჩენილია კიდევ მიწის მცირე ფართობი დამეწყრილ ტერიტორიაზე, სადაც გრძელდება სამუშაოები. მიწის მასისგან გასუფთავება მიმდინარეობს და პარალელურად კინოლოგები მუშაობენ, სადაც ხდება სამძებრო სამუშაოები“,- განაცხადა რაჭის გუბერნატორმა.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.