პაპუნა ლეჟავა - გლობალურად ვითარების გაუმჯობესების ფონზე, საქართველოს ეკონომიკა შოკიდან გამოსვლას განაგრძობს
პაპუნა ლეჟავა - გლობალურად ვითარების გაუმჯობესების ფონზე, საქართველოს ეკონომიკა შოკიდან გამოსვლას განაგრძობს

2021 წლის აპრილში სესხების წლიურმა ზრდამ, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 9.8% შეადგინა, რაც, მნიშვნელოვანწილად, ბიზნეს სესხების ზრდით არის განპირობებული, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ამასთან, პაპუნა ლეჟავას თქმით, სესხების ფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით გრძელვადიან ტრენდს კვლავ აჭარბებს, რაც წინა პერიოდებში მაღალი საკრედიტო ზრდისა და გაცვლითი კურსის ეფექტს ასახავს. “აღსანიშნავია, რომ გლობალურად ვითარების გაუმჯობესების ფონზე, საქართველოს ეკონომიკა შოკიდან გამოსვლას განაგრძობს. წინასწარი შეფასებით, 2021 წლის ოთხი თვის განმავლობაში მშპ-ის რეალური ზრდა მოსალოდნელზე მაღალი იყო და 8.1 პროცენტს შეადგინა, რაც ვალის ტვირთის მდგრად დონეზე შენარჩუნებას უწყობს ხელს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ კრიზისის დასაწყისში გამოთავისუფლებული კაპიტალის ბუფერების აღდგენის პროცესი და კრიზისამდე დაგეგმილი კაპიტალის დონის და ხარისხის გაუმჯობესება მომდევნო პერიოდში ბუნებრივ კონტრციკლურ როლს შეასრულებს. კომიტეტის შეფასებით, საკრედიტო აქტივობის არსებული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ წელს საკრედიტო პორტფელის ზრდა ნომინალური ეკონომიკური ზრდის თანაზომიერი იქნება. შესაბამისად, ამ პერიოდში კონტრციკლური მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების ამოქმედების საჭიროება არ იკვეთება“, – აღნიშნა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.