პაპუნა ლეჟავა - ბაზრისთვის სავალუტო რესურსის მიწოდების ახალ სტრატეგიას იმდენ ხანს შევინარჩუნებთ, რამდენიც ბაზარს დასჭირდება
პაპუნა ლეჟავა - ბაზრისთვის სავალუტო რესურსის მიწოდების ახალ სტრატეგიას იმდენ ხანს შევინარჩუნებთ, რამდენიც ბაზარს დასჭირდება

ეროვნული ბანკი რეზერვების დაგროვების სტრატეგიიდან ბაზრისთვის სავალუტო რესურსის მიწოდების სტრატეგიაზე გადადის და იმდენ ხანს შეინარჩუნებს, რამდენიც ბაზარს კორონავირუსის მიერ გამოწვეული შოკის დაძლევისთვის დასჭირდება, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში ეროვნული ბანკის მიერ დაანონსებული ახალი სტრატეგია განიხილეს, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის ცენტრალური ბანკი ბლუმბერგის სისტემის BMatch პლატფორმის მეშვეობით ინტენსიურ სავალუტო ინტერვენციებს განახორციელებს, რათა ბაზარს დროებითი შოკის დაძლევა გაუმარტივოს. ეროვნული ბანკის ახალი სტრატეგიის შედეგად, დღეს ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ თითქმის 19.5 თეთრით გამყარდა.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განმარტებით, თუ აქამდე ცენტრალური ბანკი ძირითადად უცხოური სავალუტო რეზერვების დაგროვების სტრატეგიით მუშაობდა, ახლა კურსი რადიკალურად იცვლება, რათა ქვეყანას მოულოდნელი შოკის დაძლევაში დაეხმაროს.

„ჩვენ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გვქონდა ერთი სტრატეგია. ეს იყო რეზერვების დაგროვების სტრატეგია. პერიოდულ ინტერვენციებს ვახორციელებდით, თუმცა ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ძირითადად რეზერვებს ვაგროვებდით. ამის მიზანი სწორედ ის იყო, რომ ასეთი შოკისთვის მოვმზადებლიყავით. დღეს სტრატეგია რადიკალურად იცვლება და რეზერვების დაგროვების ნაცვლად, სავალუტო რესურსის მიწოდების სტრატეგიაზე გადავდივართ. ანუ ბაზარს მივაწვდით ამ რეზერვებს სხვადასხვა ფორმით. გავაგრძელებთ როგორც ტრადიციულ სავალუტო აუქციონებს, ასევე მოვახდენთ ბაზარზე პირდაპირ ინტერვენციებს. ეს ინტერვენციები იქნება სისტემატური იქამდე, ვიდრე ბაზარს დასჭირდება, შეიძლება ითქვას ყოველდღიურადაც. ამ ცვლილებას ორი მიზანი აქვს. ერთის მხრივ გვინდა ბაზარს საკმარისი ლიკვიდობა მივაწოდოთ, ხოლო მეორეს მხრივ ნაწილობრივ შევავსოთ ის დანაკლისი, რასაც ბაზარი სავალუტო შემოსავლებიდან მიიღებს, როგორიც არის ტურიზმი, ფულადი გზავნილები და ა.შ.“, – განაცხადა ლეჟავამ.

გადაცემის წამყვანი დაინტერესდა, რატომ არ იყენებდა ეროვნული ბანკი მსგავს სტრატეგიას სხვა სავალუტო შოკების დროს, რომელიც აქამდეც არაერთხელ დამდგარა. ლეჟავას განმარტებით, განსხვავება ისაა, რომ მიმდინარე შოკი დროებითია.

„წინა შოკებისგან განსხვავებით, ჩვენ ამას ვუყურებთ, როგორც დროებით მოვლენას. აქ არ ხდება რამე სტრუქტურული გადანაცვლება ეკონომიკაში. იმედი გვაქვს, რომ ამ შოკის გადავლის შემდეგ ეკონომიკა ძველ რელსებს დაუბრუნდება. შესაბამისად, დღეს გვაქვს იმის რესურსი, რომ ეს რეზერვები გამოვიყენოთ ამ დროებითი დანაკლისისთვის. რა თქმა უნდა, ეს რომ პერმანენტული შოკი ყოფილიყო და სიტუაციის გამოსწორებას მომავალი წლების განმავლობაშიც არ ველოდებოდეთ, მაშინ რეზერვების დახარჯვა მიზანშეწონილი არ იქნებოდა. თუმცა გვაქვს მოლოდინი, რომ ეს შოკი დროებითი იქნება და რეზერვების დახარჯვა და ეკონომიკისთვის ვალუტის მიწოდება ამ უფრო მსუბუქად გადაგვატანინებს“, -განაცხადა ლეჟავამ.

მისი განმარტებით, ახალი სტრატეგიის ხანგრძლივობა შეზღუდული არ არის და იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენიც ბაზარს დასჭირდება, რადგან ეროვნულ ბანკს ამის საკუთარი დაახლოებით 3.5 მილიარდი აშშ დოლარის რეზერვი აქვს და თან დონორების დახმარებასაც ელოდება.

„დონორებთან მოლაპარაკებები ინტენსიურად მიმდინარეობს. აქ წამყვანი რგოლი არის საერთაშორისო სავალუტო ფონდი. ყველა დონორი უყურებს ჩვენს მოლაპარაკებებს სავალუტო ფონდთან, რადგან ამ მოლაპარაკებების შედეგად ქვეყნის ე.წ. მაკრო ჩარჩო ჩამოყალიბდება, რომელსაც სხვა დონორების გადაწყვეტილებებიც მოჰყვება“, – დააზუსტა ლეჟავამ.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განმარტებით, დონორები თანხებს სახელმწიფო ბიუჯეტისა და კერძო სექტორის დასახმარებლადაც გაიღებენ.

„რაც შეეხება თანხებს, ნაწილი პირდაპირ ეროვნულ ბანკში წამოვა, ნაწილი ბიუჯეტის დასახმარებლად. თუმცა ამ თანხების დიდი ნაწილი იქნება უცხოურ ვალუტაში, რაც იმას ნიშნავს, რომ რამე ფორმით ან პირდაპირ სავალუტო ბაზარზე უნდა მოხვდეს, ან ეროვნული ბანკის რეზერვებში, რადგან მიღებული დოლარი ლარში უნდა გაიხარჯოს. ლარში კონვერტირება მოხდება ან პირდაპირ სავალუტო ბაზარზე, ან ეროვნული ბანკის გავლით. გარდა ბიუჯეტისა და ცენტრალური ბანკის რეზერვებისა, ასევე ველოდებით საკმაოდ სოლიდურ დახმარებას კერძო სექტორისთვისაც“, – განუცხადა პაპუნა ლეჟავამ „ბიზნესპარტნიორს“.