პაპუა-ახალი გვინეის კატასტროფების მართვის სააგენტოს ცნობით, ქვეყანაში მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, შესაძლოა, 2000-ს შეადგენდეს
პაპუა-ახალ გვინეაში მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, შესაძლოა, 2000-ს აღწევდეს.
ამის შესახებ ქვეყნის კატასტროფების მართვის სააგენტოში განაცხადეს.
უწყების ცნობით, მეწყერმა ორი ათასამდე ადამიანი მოიყოლა და სულ უფრო ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათი ცოცხლად ამოყვანა იყოს შესაძლებელი.
მანამდე გაერო-ში განაცხადეს, რომ დაღუპულთა რიცხვი დაახლოებით 670-ს შეადგენს.
ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობის დადგენა რთულია, რადგან სტიქიის ზონამდე მისვლა კვლავ გართულებულია.
მეწყერი პაპუა-ახალი გვინეის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ერთ-ერთ სოფელში 24 მაისს ჩამოწვა. მაშველებმა მხოლოდ ექვსი ცხედრის ამოყვანა შეძლეს. მთავრობამ სტიქიის ზონასთან მცხოვრებლები საფრთხისა და მოსალოდნელი ევაკუაციის შესახებ გააფრთხილა, რადგან ჩამოწოლილი მეწყრის მიმდებარედ ნიადაგი მოძრაობას განაგრძობს. საფრთხე დაახლოებით 7 900 ადამიანს ემუქრება.