PANTELENA-ს კაპიტნის ინფორმაციით, გემს, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფებოდა, შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ
გემის კაპიტნის ინფორმაციით, PANTELENA-ს ეკიპაჟზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა გაბონის ტერიტორიულ წყლებში, რის შემდეგაც გემი ღია ზღვაში გაიტაცეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ქართული მხარე გემის ეკიპაჟს დაუკავშირდა, რომელიც უზრუნველყოფილია პირველადი საჭიროებებით და მისი წევრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
როგორც საგარეო უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, გემი PANTELENA, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება, ლომეს პორტში (ტოგოს რესპუბლიკა) უსაფრთხოდ დაბრუნდა.
„საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ბოლო 10 დღის განმავლობაში ჩაატარეს კოორდინირებული სამუშაო სხვადასხვა მიმართულებით და უზრუნველჰყვეს ყველა მხარის ჩართულობა მოძიების პროცესში. ამოქმედებული იქნა ყველა დარგობრივი და დიპლომატიური ბერკეტი, როგორც დასავლეთ აფრიკის რეგიონის ქვეყნები, ასევე საზღვაო და რეგიონული ორგანიზაციები.
შექმნილი სიტუაციის პირველი წუთებიდანვე ორივე უწყება გადავიდა 24-საათიან სამუშაო რეჟიმზე: საქართველოს საელჩოებმა სამხრეთ აფრიკაში, საბერძნეთში დიდ ბრიტანეთსა და ეთიოპიაში უზრუნველყვეს 10-მდე ქვეყნის ჩართულობა პროცესში, ხოლო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აქტიურ კავშირზე გავიდა გემთმფლობელ კომპანიასთან, გემის დროშის სახელმწიფოსთან – პანამა, ასევე კენიასა და ნიგერიაში მოქმედ სპეციალიზებულ საზღვაო უშიშროების ჯგუფებთან, რომლებთან უშუალო კოორდინაციითაც ხორციელდებოდა ღონისძიებები მეზღვაურების მოსაძიებლად და მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ღონისძიებაში აქტიურად გამოიყენებოდა დასავლეთ აფრიკაში მოქმედი საზღვაო ძალების (პორტუგალია, ინგლისი და საფრანგეთი) გემები, ასევე – სატელიტური დაკვირვების სისტემები.
ამ კოორდინირებული ქმედებების შედეგად გემის იდენტიფიცირება 23 აგვისტოს მოხდა.
ასევე, სააგენტო განახლებულ ინფორმაციას პროცესის მიმდინარეობაზე აწვდიდა მეზღვაურთა ოჯახებს.
24 აგვისტოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მეზღვაურთა ოჯახებთან გამართულ შეხვედრაზე მზადყოფნა გამოთქვა საჭიროების შემთხვევაში ოჯახების დახმარებაზე.
საქართველოს მთავრობა რჩება აქტიურ კავშირზე გემ PANTELENA-სთან და საჭიროების შემთხვევაში მზად ყოფნას გამოთქვამს ქართველ მეზღვაურთა დახმარებაზე“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.
პანამის დროშის ქვეშ მცურავი, 121 მეტრის სიგრძის გემზე, რომელსაც 7 000 ტონა საწვავი გადაჰქონდა, საქართველოს 17 და რუსეთის ორი მოქალაქე იმყოფებოდა. ტანკერი რადარებიდან 14 აგვისტოს გაუჩინარდა.