ჩინელი მეცნიერები, რომლებიც ჩინეთში გავრცელებული ახალი მომაკვდინებელი კორონავირუსის ცხოველურ წარმოშობას იკვლევენ, ამბობენ, რომ „ნაკლული რგოლი“ ადამიანსა და ღამურას შორის შესაძლოა, განადგურების პირას მისული პანგოლინი იყოს. თუმცა, სხვა მეცნიერები აცხადებენ, რომ კვლევა ჯერ არ დასრულებულა.
წინა, საკმაოდ საკამათო კვლევა გველებზე მიუთითებდა. ეპიდემიის გავრცელების წყაროს კანდიდატებად განიხილება სხვა ცხოველებიც, რომლებიც უხანის გარეულ ცხოველთა ბაზრობაზე იყიდებოდა.
მწვავე რესპირატორული სინდრომი (SARS) რომელიც 2002-2003 წლებში გავრცელდა და კორონავირუსის სხვადასხვა შტამს შეიცავდა, ადამიანებს ციბეტინისგან გადაედოთ. ციბეტინი პატარა მღრღნელია, რომლის ხორციც ჩინეთის ბაზარზე საკმაოდ ძვირად ფასობს.
პანგოლინი — „ნაკლული რგოლი“?
სხვა სახეობებისთვის ვირუსების გადაცემა მრავალ ცხოველს შეუძლია; კორონავირუსის თითქმის ყველა შტამი ადამიანებში ველური ბუნებიდან მოხვდა.
მეცნიერთათვის კარგად არის ცნობილი, რომ ახალი კორონავირუსის შტამს ღამურები ატარებენ. ამ დაავადებით ამჟამად ინფიცირებულია 35000 ადამიანი, 724 კი დაღუპული.
როგორც უახლესმა გენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, ამ ვირუსის შტამი 96 პროცენტით იდენტურია ღამურებში აღმოჩენილი შტამთან.
თუმცა, საფრანგეთის პასტერის ინსტიტუტის მკვლევარ არნო ფონტანის განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დაავადება ადამიანებს პირდაპირ ღამურებისგან გადასდებოდათ. მკვლევართა აზრით, არის რომელიღაც შუამავალი ცხოველი.
რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ ღამურებში წარმოქმნილ ვირუსებს არ აქვთ ადამიანის უჯრედის რეცეპტორებში შეღწევისთვის საჭირო აგებულება. თუმცა, ჯერჯერობით ბოლომდე ცნობილი არ არის, რომელმა ცხოველმა შეასრულა შუამავლის როლი.
ფონტანი დარწმუნებულია, რომ შუამავალი ძუძუმწოვარი იყო, სავარაუდოდ მაჩვისებრთა ოჯახის წარმომადგენელი.
ჩინეთის სახელმწიფო ახალი ამბების სააგენტო Xinhua-ს ცნობით, 1000-ზე მეტი გარეული ცხოველის ნიმუშის ანალიზის შემდეგ, სამხრეთ ჩინეთის აგრარული უნივერსიტეტის მეცნიერებმა პანგოლინებში იპოვეს ვირუსის გენომის თანმიმდევრობები, რომლებიც 99 პროცენტით იდენტურია კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებში აღმოჩენილთან.
თუმცა, სხვა ექსპერტები დასკვნების გაკეთებისგან მაინც ფრთხილობენ.
„ეს არ არის მტკიცებულება. ცხოველთა რეზერვუარების კვლევა უკიდურესად მნიშვნელოვანია, მაგრამ შემდეგ უნდა მოხდეს შედეგების გულმოდგინე, საერთაშორისო განხილვა. ვირუსის რნმ-ის უბრალოდ დაფიქსირება, თუნდაც მისი თანმიმდევრობის 99+ მსგავსებით, საკმარისი არ არის“, — ამბობს კემბრიჯის უნივერსიტეტის ვეტერინარული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჯეიმს ვუდი.
კუდიანებზე ნადირობა?
დამნაშავის საბოლოოდ გამოსავლენად საჭიროა თითოეული იმ სახეობის შემოწმება, რომელიც უხანის ბაზრობაზე იყიდებოდა. ეს კი თითქმის შეუძლებელია, რადგან ბაზრობა ამჟამად უკვე დახურულია.
საფრანგეთის კვლევისა და განვითარების ინსტიტუტის ვირუსოლოგი, მარტინ პიტერსი მუშაობდა იმ ჯგუფთან, რომელმაც ებოლას ბოლო დროის ეპიდემიის დროს ვირუსის წყარო ცხოველი გამოავლინა.
როგორც ჯგუფმა დაადგინა, ვირუსი ადამიანებს ნამდვილად ღამურისგან გადაედოთ; პიტერსს სჯერა, რომ სწორედ ასეა უხანის კორონავირუსის შემთხვევაშიც.
როგორც იგი აღნიშნავს, კვლევის დროს, მათ აფრიკის რამდენიმე ადგილას ათასობით ღამურა შეაგროვეს. მისივე თქმით, ჩინელი მეცნიერები სწორ გზას ადგანან.
რატომ არის მნიშვნელოვანი?
მართალია, ამ ეპიდემიის შემთხვევაში შეიძლება უკვე გვიანია, მაგრამ ახალი კორონავირუსის გადამტანი ცხოველის გამოვლენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მსგავსი ეპიდემიების სამომავლოდ პრევენციისთვის.
მაგალითად, 2002-2003 წლების მწვავე რესპირატორული სინდრომის დროს, ჩინეთმა ციბეტინის ხორცის საკვებად გაყიდვა აკრძალა.
საფრანგეთის კვლევისა და განვითარების ინსტიტუტის ვირუსოლოგისა და ვეტერინარის, ერიკ ლერუას განცხადებით, ვირუსის წყარო ცხოველი შეიძლება ისევე სწრაფად ვიპოვოთ, როგორც SARS-ის შემთხვევაში, ანდაც წლები დაგვჭირდეს.
„ებოლას კვლევა 1976 წელს დაიწყო, მაგრამ პირველი შედეგები მხოლოდ 2005 წელს ვიხილეთ“, — ამბობს იგი.
ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი შეიძლება იყოს ისიც, თუ რამდენი პროცენტია ერთსა და იმავე სახეობაში ინფიცირებული.
სამომავლო ეპიდემიების პრევენცია?
არნო ფონტანისთვის, კორონავირუსი მხოლოდ უახლესი მაგალითია იმისა, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ადამიანების მიერ ვირუსის მატარებელი გარეული ცხოველების ჭამას.
მისი თქმით, ჩინეთს სჭირდება რადიკალური ზომები ბაზრობებზე გარეულ ცხოველთა ხორცით ვაჭრობის წინააღმდეგ.
პეკინმა ეს ნაბიჯი უკვე გადადგა, მაგრამ საკმაოდ გვიან, მხოლოდ გასულ თვეშიღა, როდესაც ვირუსის გავრცელება უკვე კონტროლს მიღმა გავიდა.
„ყოველ ჯერზე, ვცდილობთ, ცეცხლი ჩავაქროთ, მაგრამ როდესაც ამას მივაღწევთ, უკვე ველოდებით შემდეგს“, — ამბობს პარიზის ეროვნული სამეცნიერო კვლევების ცენტრის მეცნიერი ფრანსუა რენო.
მისი რჩევაა, შეიქმნას იმ ცხოველების შავი სია, რომლებისგანაც შესაძლებელია ადამიანებს მომაკვდინებელი ვირუსები გადაედოთ.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.