პალესტინის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჰააგის სასამართლოს სასამართლოს დადგენილება არღვევს ისრაელის კრიმინალისა და დაუსჯელობის დამკვიდრებულ კულტურას
პალესტინის ხელისუფლება მიესალმება ჰააგის სასამართლოს დადგენილებას.
როგორც პალესტინის საგარეო საქმეთა მინისტრი რიად ალ-მალიკი აცხადებს, არცერთი სახელმწიფო არ დგას კანონზე მაღლა.
მისივე თქმით, დადგენილება უნდა გახდეს გამომაფხიზლებელი სიგნალი ისრაელისა და იმ მხარეებისთვის, რომელთაც „დაუშვეს ეს დამკვიდრებული დაუსჯელობა“.
„მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს დადგენილება არღვევს ისრაელის კრიმინალისა და დაუსჯელობის დამკვიდრებულ კულტურას, რომელიც ახასიათებს მრავალწლიან ოკუპაციას, საკუთრების ჩამორთმევას, დევნასა და პალესტინის აპარტეიდს“, – აცხადებს რიად ალ-მალიკი.
პალესტინის წარმომადგენელი ყველა სახელმწიფოს მოუწოდებს, უზრუნველყონ „დროებითი ზომების“ აღსრულება და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს არის ისრაელისთვის იურიდიული ვალდებულება.
ჰააგის სასამართლოს დადგენილებას მიესალმება მოძრაობა „ჰამასიც“. დაჯგუფება საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, უზრუნველყონ სასამართლოს დადგენილების აღსრულება და მოითხოვონ პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ „გენოციდის დანაშაულის“ შეწყვეტა.
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს 17 წევრისგან შემდგარმა კოლეგიამ ისრაელის წინააღმდეგ სამხრეთ აფრიკის მიერ წარდგენილ სარჩელთან დაკავშირებით დადგენილება მიიღო, რომელიც ისრაელს, გენოციდის შესახებ კონვენციის შესაბამისად, საგანგებო ზომების მიღებას ავალდებულებს. ამასთან, ჰააგის სასამართლო არ დაეთანხმა სამხრეთ აფრიკის მოთხოვნას ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ.