PACE-ს თანამომხსენებლები არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებაზე პასუხისმგებელი პირების მკაცრად დასჯას ითხოვენ
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლები კერსტინ ლუნდგრენი (შვედეთი, ALDE) და ტიტუს კორლატენი (რუმინეთი, სოციალისტთა ჯგუფი) ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებას გმობენ.
„ჩვენ მოვუწოდებთ სეპარატისტულ ხელისუფლებას, ასევე რუსეთის ფედერაციის მთავრობას, როგორც დე ფაქტო მმართველ ძალას, უხელმძღვანელონ სრულფასოვან და გამჭვირვალე გამოძიებას არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საქმეზე და მკაცრად დასაჯონ პასუხისმგებელი პირები. ამავდროულად, ჩვენ ვითხოვთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს და გადაეცეს თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიას საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე, რომლებიც არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დააკავეს“, – აცხადებენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები.
მათ ასევე ხაზი გაუსვეს, რომ მხარს უჭერენ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობას.