პაატა სალია - კომპანიის მესაკუთრეს ნებისმიერ შემთხვევაში აქვს უფლება, შეცვალოს დირექტორი
პაატა სალია - კომპანიის მესაკუთრეს ნებისმიერ შემთხვევაში აქვს უფლება, შეცვალოს დირექტორი

ის, რაც განაცხადა ბატონმა გვარამიამ, ამ შემთხვევაში თავის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, არ არის სამართლებრივად გამართული, სწორი პოზიცია, – ამის შესახებ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა, პაატა სალიამ განაცხადა.

„კომპანიის მესაკუთრეს ნებისმიერ შემთხვევაში აქვს უფლება, ნებისმიერ შემთხვევაში შეცვალოს დირექტორი. ეს გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით, ასევე სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის წესდებით“, – განაცხადა პაატა სალიამ.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, შეაჩეროს სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლი, რომლის საფუძველზეც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება მოხდა. ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ადგილი არ ჰქონია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მითითებული მუხლების დარღვევას.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა, პაატა სალიამ საჯარო რეესტრს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ჩააბარა და მისი აღსრულება მოითხოვა. რეესტრმა, სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ტელეკომპანიის 60-პროცენტიანი წილის მფლობელად ქიბარ ხალვაში, 40-პროცენტიანი წილის მფლობელად კი შპს „პანორამა“ დაარეგისტრირა.

ამის შემდეგ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის პარტნიორთა კრება გაიმართა. კრების გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია გათავისუფლდა ტელეკომპანიის დირექტორის თანამდებობიდან და დირექტორად პაატა სალია დაინიშნა, რაც საჯარო რეესტრმაც დაარეგისტრირა.