საჯარო რეესტრმა „რუსთავი 2“-ის დირექტორად პაატა სალია დაარეგისტრირა
საჯარო რეესტრმა „რუსთავი 2“-ის დირექტორად პაატა სალია დაარეგისტრირა

ნიკა გვარამია შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის დირექტორის თანამდებობას აღარ იკავებს. საჯარო რეესტრმა „რუსთავი 2“-ის დირექტორად ქიბარ ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია დაარეგისტრირა.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა, პაატა სალიამ საჯარო რეესტრს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ჩააბარა და მისი აღსრულება მოითხოვა. რეესტრმა, სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ტელეკომპანიის 60-პროცენტიანი წილის მფლობელად ქიბარ ხალვაში, 40-პროცენტიანი წილის მფლობელად კი შპს „პანორამა“ დაარეგისტრირა.

ამის შემდეგ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის პარტნიორთა კრება გაიმართა. კრების გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია გათავისუფლდა ტელეკომპანიის დირექტორის თანამდებობიდან და დირექტორად პაატა სალია დაინიშნა.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, შეაჩეროს სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლი, რომლის საფუძველზეც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება მოხდა. ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ადგილი არ ჰქონია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მითითებული მუხლების დარღვევას.