პაატა სალია - არ ვფიქრობ, რომ ჩვენი გუნდიდან, ჟურნალისტებიდან ირაკლი ოქრუაშვილთან ვინმე გარიგებაში შევიდოდა
არ ვფიქრობ, რომ ირაკლი ოქრუაშვილთან ჩვენი გუნდიდან, ჟურნალისტებიდან ვინმე შევიდოდა გარიგებაში, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ განაცხადა.
სალია გამოეხმაურა „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ანა რეხვიაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ირაკლი ოქრუაშვილსა და „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს შორის გუშინ შეხვედრა გაიმართა.
„ირაკლი ოქრუაშვილთან შეხვედრაზე ჩემთვის ჟურნალისტებს არ უთქვამთ და თუ ასეთი ინფორმაცია გაჟღერდა, აუცილებლად მოვიკითხავ, მაგრამ არ მგონია, ეგ იყოს სიმართლე. არ ვფიქრობ, რომ ირაკლი ოქრუაშვილთან ჩვენი გუნდიდან, ჟურნალისტებიდან ვინმე შევიდოდა გარიგებაში“,- განაცხადა სალიამ.
მისივე თქმით, ირაკლი ოქრუაშვილი იყენებს გაყალბებულ დოკუმენტს, რისთვისაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არსებობს.
„ვიდრე ოქრუაშვილი რამეზე საუბარს დაიწყებს, ის უნდა ახსნას, როგორ ასესხა ქიბარ ხალვაშს, წარმატებულ ბიზნესმენს მან, ჩინოვნიკმა შვიდი მილიონი დოლარი და როგორ იყიდა „რუსთავი 2-ის წილები მაშინ, როცა მაღალი თანამდებობის პირი იყო. ვიცი რომ თქვა, გარკვეული ბერკეტები ჰქონდა. ეგეც ძალიან საინტერესოა, როდესაც ჩინოვნიკი იყენებს ბერკეტებს, რომ სარგებელი მიიღოს. ამ კითხვებს უნდა გასცეს პასუხი და მერე ილაპარაკოს დანარჩენზე.
იყენებენ არგუმენტს, რომ ხალვაში არ მისულა ექსპერტიზაზე. ის აპელირებს სამ ექსპერტიზაზე, რომელიც ჩაატარა. სამივე ექსპერტიზა არის ჩატარებული გაყალბებულ დოკუმენტებზე. სამხარაულის ბიუროში ექსპერტიზა კი მოთხოვნილია ჩემს მიერ, ხალვაშთან შეთანხმებით და ქიბარ ხალვაში უნდა მივიდეს იქ ჩემი და ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის თანდასწრებით. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ შევთანხმდით თარიღზე, წმინდა ტექნიკური საკითხები იყო. აუცილებლად მივა, აქაც და საზღვარგარეთაც და დავრწმუნდებით, რომ ეს ყალბი დოკუმენტია. თუ შეადარებთ ნოტარიულ დოკუმენტზე ბოლო გვერდზე არსებულ ხელმოწერას, რომელიც ნამდვილად ნოტარიულად დამოწმებულია 50 ათას დოლართან დაკავშირებით და თითქოს ხალვაშის ხელმოწერას „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ დოკუმენტზე, თვალნათლივ ჩანს განსხვავება და ექსპერტიზაც დაადგენს.
მაქვს ინფორმაცია, რაც ქიბარ ხალვაშის მიერ იყო გაცხადებული, რომ მას თავის დროზე, თავისი ნებით არ შეუძენია ეს ტელევიზია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეს ტელევიზია მისი არ იყო“,- განაცხადა სალიამ.