„გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი აცხადებს, რომ ირაკლი ოქრუაშვილი გუშინ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს შეხვდა
„გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი აცხადებს, რომ ირაკლი ოქრუაშვილი გუშინ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს შეხვდა

პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებლის, ანა რეხვიაშვილის განცხადებით, ირაკლი ოქრუაშვილი გუშინ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს შეხვდა.

მისი თქმით, ოქრუაშვილმა ჟურნალისტებს კომპანიის კუთვნილი 80 პროცენტი შესთავაზა, რაზეც ჟურნალისტებმა მოსაფიქრებლად დრო ითხოვეს.

„გუშინ ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ში 100-პროცენტიანი წილის რეალური მფლობელი ირაკლი ოქრუაშვილი შეხვდა ტელეკომპანიის ჟურნალისტებს. ირაკლი ოქრუაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, „რუსთავი 2“-მა გააგრძელოს ფუნქციონირება როგორც სახელმწიფოსგან დამოუკიდებელმა ტელეკომპანიამ იმ სარედაქციო პოლიტიკით და გუნდით, რომლებიც მრავალი წლებია, ქმნიან და ავითარებენ ამ ქვეყანაში დემოკრატიის გარანტსა და თავისუფლების პლატფორმას. ჟურნალისტებმა მოსაფიქრებლად დრო ითხოვეს. თქვენ გესმით ამ საკითხის მნიშვნელობა და დელიკატურობა, ველოდებით მათგან გადაწყვეტილებას და პასუხს. ჟურნალისტებს შესთავაზა, ტელეკომპანიის 80% გადასცეს ათიოდე ჟურნალისტს და შემდგომ უკვე ქონების.

ხელში გვაქვს მთელი რიგი სამართლებრივი დოკუმენტები. გავაკეთეთ ჩვენი არჩევანი და შევიტანეთ საქმე სასამართლოში. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ირაკლი ოქრუაშვილს შეეძლო, უფრო მაღალი დამოუკიდებლობის მქონე სასამართლოებში შეეტანა სარჩელი, მაგრამ მან არჩია ქართული სასამართლო. ასე რომ ველოდებით ივანიშვილის სასამართლოს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ანა რეხვიაშვილმა.

პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი ქიბარ ხალვაშის მიერ, საჯარო რეესტრში „რუსთავი 2“-ის დარეგისტრირებულ წილებზე ყადაღის დადებას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნით პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ანა რეხვიაშვილმა 19 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.