პაატა ქურდაძე - პარიზი მიჩვეულია საპროტესტო გამოსვლებს, მაგრამ თითქმის სამი ათეული წლის განმავლობაში, რაც იქ ვცხოვრობ, მსგავსი არაფერი მინახავს
პაატა ქურდაძე - პარიზი მიჩვეულია საპროტესტო გამოსვლებს, მაგრამ თითქმის სამი ათეული წლის განმავლობაში, რაც იქ ვცხოვრობ, მსგავსი არაფერი მინახავს

პარიზი მიჩვეულია საპროტესტო გამოსვლებს, მაგრამ თითქმის, სამი ათეული წლის განმავლობაში, რაც იქ ვცხოვრობ, მსგავსი არაფერი მინახავს, ეს ყველაფერს აჭარბებს – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიაწარმოების დირექტორმა, მწერალმა პაატა ქურდაძემ პირველი არხის გადაცემაში “თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

მან პარიზში ყვითელჟილეტიანების პროტესტთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი ტექნიკა და აგრესიული დამოკიდებულება 1968 წლის შემდეგ და მანამდე, ალჟირის ომის დროს თუ იყო გამოყენებული.

როგორც ქურდაძემ აღნიშნა, ყვითელჟილეტიანები საფრანგეთის საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეები არიან და აგრესია სწორედ მათში გაჩნდა.

„მოგეხსენებათ, ეს ყველაფერი საწვავის ფასის გამო დაიწყო. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ახალი წლიდან ეკოლოგიური გადასახადი უნდა მომატებულიყო, რაც დიზელის საწვავს გარკვეული პროცენტით აძვირებდა. ძირითადად, მძლავრძრავიან მანქანებს და დიდ მანძილებზე ავტომობილებს როგორც წესი, იყენებენ გარეუბნელი საშუალო და დაბალი კლასი, მუშები და გლეხები და არა დიდი ქალაქის მცხოვრებნი. ამიტომ, ეს მძვინვარება სწორედ ამან გამოიწვია“, – განაცხადა ქურდაძემ. 

პაატა ქურდაძემ ასევე განაცხადა, რომ ყვითელჟილეტიანების მოძრაობამ პარალელური მოძრაობა შექმნა და შაბათს მწვანე ჟილეტების სვლა იყო, რომლებიც ეკოლოგისტები იყვნენ.

„დღეს მოვისმინე ინტერვიუები, სადაც ადამიანი ამბობს, ორშაბათს სამსახურში მივდივარ, მაგრამ მოვალ და შემდეგ შაბათს, იმის შემდეგ შაბათსაც კიდევ დავამტვრევ, რადგან ბევრჯერ რომ დავამტვრევ, დამელაპარაკებიან. ეს პირადად ჩემთვის, რაღაც ახალია და ასევე ძალიან ახალია ის, რომ გაჩნდა ერთგვარი კონფლიქტი კი არა, რაღაც ჩანასახივით, რაც მე მახსენებს 90-იანი წლების დასაწყისს, საქართველოს ცნობილ მოვლენებს, როცა პროვინცია და თბილისი ერთმანეთს თითქოს, რაღაცნაირად დაუპირისპირდა“, – განაცხადა ქურდაძემ.

პაატა ქურდაძემ ასევე აღნიშნა, რომ მისი აზრით, საფრანგეთში პროტესტის ტალღა შენელდება და გარკვეული დიალოგის რეჟიმში გადავა.