პაატა მანჯგალაძე - როცა მილიონი ადამიანის ნების გამომხატველ ოპოზიციას ესაუბრები იმ ტონით, რომლითაც გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა, ეს საზიანო და სამწუხაროა
ხელისუფლებას ოპოზიციასთან საუბრის პოლიტიკური ნება თუ არ აქვს, ძალიან სამწუხაროა, რადგან პარლამენტი უმაღლესი წარმომადგენლობითი საკანონმდებლო ორგანოა და მილიონი ადამიანის ნება არ იქნება ასახული ამ პარლამენტში, -ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია სტრატეგიულ საკითხებთან მიმართებით ერთიანი რჩება.
„სტრატეგია აღმაშენებელი“ ყოველთვის მხარს უჭერდა მოლაპარაკებების პროცესს. ხელისუფლებას ოპოზიციასთან საუბრის პოლიტიკური ნება თუ არ აქვს, ძალიან სამწუხაროა, რადგან პარლამენტი უმაღლესი წარმომადგენლობითი საკანონმდებლო ორგანოა და მილიონი ადამიანის ნება არ იქნება ასახული ამ პარლამენტში. გავაგრძელებთ ოპოზიციასთან კოორდინაციას საერთო ფორმატში და ვეცდებით, ხელისუფლებას დავათმობინოთ ის, რაც მიიტაცეს.
რაც შეეხება ოპოზიციის ერთიანობას, ყველამ კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ ერთიანები ვართ სტრატეგიულ საკითხებთან დაკავშირებით, დანარჩენზე – წარსულთან და მომავალთან დაკავშირებით ჩვენს შორის არსებობს ფუნდამენტური სხვაობები“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
მან ასევე კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებებთან დაკავშირებით.
„ძალიან ცუდია, რომ კონსტიტუციით მეორე რანგის თანამდებობის პირს არ გააჩნია პოლიტიკური პასუხისმგებლობა და სახელმწიფოებრივი აზროვნება, ვერ ცდება პიროვნულ ხიბლს და საკუთარი თავის კმაყოფილებას. ჰიპოთეტურადაც რომ დავუშვათ და არ გაყალბებულიყო არჩევნები, როცა ერთი მილიონი ადამიანის ნების გამომხატველ ოპოზიციას ესაუბრები იმ ტონით, რომლითაც გუშინ ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარემ, ეს არის საზიანო და სამწუხარო. ქართული პოლიტიკური აზრი ვერ გაცდა საკუთარი თავის ხიბლს.
უნდა იცოდეს ყველამ – ვინც ქარს დათესავს, მიიღებს ქარიშხალს. ჩვენი ახირება კი არ არის, რომ პარლამენტში არ შევდივართ. ჩვენ ვიცით, რომ არჩევნები გაყალბდა, ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი და იმისთვის, რომ მოხდეს ამ კრიზისის განმუხტვა, ამის საშუალება არის რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით მოლაპარაკება ხელისუფლებასთან“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
მან ასევე კომენტარი გააკეთა პარტია „მოქალაქეების“ წევრებსა და „ქართულ ოცნებას“ შორის ინდივიდუალურ შეხვედრაზე და აღნიშნა, რომ ალეკო ელისაშვილის ქმედებებმა საერთო ოპოზიციური ფორმატი დააზიანა.
შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები თუ უარს იტყვიან საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობაზე, ისინი უარს იტყვიან დემოკრატიაზეც. არჩილ თალაკვაძემ ასევე აღნიშნა, რომ რადიკალური ოპოზიცია პარლამენტს შიგნით თუ მის გარეთ, ნებისმიერ შემთხვევაში დესტაბილიზაციის მოწყობას ეცდება.