არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციური პარტიები თუ უარს იტყვიან საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობაზე, უარს იტყვიან დემოკრატიაზეც და შემდეგ თვითმმართველობის არჩევნებში მათ პოლიტიკური ფასი დაუჯდებათ
არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციური პარტიები თუ უარს იტყვიან საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობაზე, უარს იტყვიან დემოკრატიაზეც და შემდეგ თვითმმართველობის არჩევნებში მათ პოლიტიკური ფასი დაუჯდებათ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში შეცვლილი საარჩევნო სისტემის შედეგად, დღეს პარლამენტში მუშაობის შესაძლებლობა ცხრა პოლიტიკურ პარტიას აქვს.

მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლების დისკრეციაა, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, თუმცა საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობაზე უარის შემთხვევაში, ისინი უარს იტყვიან დემოკრატიაზეც. 

„ჩვენ გვაქვს ახალი კონსტიტუცია, თავისუფალი არჩევნები, რომელიც უკვე მერამდენედ ჩატარდა და ნახეთ, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში, პარლამენტში 9 პოლიტიკურ პარტიას აქვს საშუალება, იმუშაოს, მეტი ქალი არის წარმოდგენილი და შეცვლილია საარჩევნო სისტემა, რომელზეც ყველა პოლიტიკური თაობა საქართველოში ოცნებობდა. ეს მხოლოდ ჩვენი, „ქართული ოცნების“ პირობებში შესრულდა, შეიცვალა ის პროპორციულით, შეიცვალა კონსტიტუცია, შემოვიტანეთ საპარლამენტო მმართველობა, შევცვალეთ საარჩევნო კოდექსი.

სწორედ ასეთი არჩევნებით გახდა შესაძლებელი, რომ დღეს 8 ოპოზიციური პარტია არჩევნების შედეგებით არის პარლამენტში, ჯერჯერობით, ვიდრე მანდატები არ შეუწყვეტია პარლამენტს, ფორმალურად არიან პარლამენტში. ამიტომ რა გადაწყვეტილებას მიიიღებენ მომავალში, ეს არის მათი დისკრეცია, თუმცა, თუ ისინი უარს იტყვიან მონაწილეობაზე, ისინი უარს იტყვიან დემოკრატიაზეც და შემდეგ თვითმმართველობის არჩევნებში აუცილებლად დაუჯდებათ მათ პოლიტიკური ფასი. ამიტომ ჩვენ მომხრე ვართ დიალოგის, ჩვენ გვსურს შეთანხმება და თანამშრომლობა, ოღონდ ჯანსაღ პოლიტიკურ პარტიასთან, ვისაც სურს ეროვნული ინტერესების გარშემო გაერთიანება, მაგრამ ასევე კამათი, პოლიტიკური დებატები და დისკუსია ნებისმიერ განსხვავებულ პოლიტიკიურ საკითხზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.