არჩილ თალაკვაძე - რადიკალური ოპოზიცია პარლამენტში იქნება თუ პარლამენტს გარეთ, ნებისმიერ შემთხვევაში ეცდებიან, რომ დესტაბილიზაციის შესაძლებლობები გამოიყენონ
არჩილ თალაკვაძე - რადიკალური ოპოზიცია პარლამენტში იქნება თუ პარლამენტს გარეთ, ნებისმიერ შემთხვევაში ეცდებიან, რომ დესტაბილიზაციის შესაძლებლობები გამოიყენონ

დემოკრატია ეს არის მონაწილეობა და ის, ვინც უარს აცხადებს მონაწილეობაზე, რა თქმა უნდა, დემოკრატიის პრინციპებს ეწინააღმდეგება. მონაწილეობაზე უარს აცხადებს ოპოზიციის რადიკალური ნაწილი და ისინი ოპოზიციის მეორე ნაწილზე პოლიტიკურ შანტაჟს ახორციელებენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია პარლამენტში იქნება თუ პარლამენტს გარეთ, ისინი ნებისმიერ შემთხვევაში ეცდებიან, რომ დესტაბილიზაციის შესაძლებლობები გამოიყენონ.

„სავარაუდოთ, ეს არის მათი კონტროლირებადი მედია, რითაც პოლიტიკურ შანტაჟს ახორციელებენ და ფინანსური რესურსი, რომელიც შესაძლოა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდეს ამ შემთხვევაში, როგორც უპირატესობას დანარჩენებთან შედარებით. მინდა, გითხრათ, რომ ის არგუმენტი, თითქოს რადიკალური ოპოზიცია პარლამენტში შემოვა და ქვეყანაში ყველაფერი მშვიდად, კარგად იქნება, და ამით გვეუბნებიან, თუ არ შემოგვიყვანთ, ულტიმატუმზე არ დაგვთანხმდებით, მაშინ ქვეყანას ავრევთ, ქვეყანას ავრევთ, თუ ახალ არჩევნებს არ ჩაატარებთ, პირადად ჩემთვის, ღიმილის მომგვრელია. 

რადიკალური ოპოზიცია პარლამენტში იქნება თუ პარლამენტს გარეთ, ისინი ნებისმიერ შემთხვევაში ეცდებიან, რომ დესტაბილიზაციის შესაძლებლობები ყოველთვის გამოიყენონ. ისინი არ არიან ძალები, რომელთაც სურთ თანამშრომლობა, პოლიტიკური მშვიდობა, უფრო ცივილიზებული პოლიტიკა პარლამენტში. ესენი არიან ძალები, რომელთაც პარლამენტში თუ გარეთ, ყოველთვის ცალი თვალი არეულობაზე აქვთ მიმართული. ვნახეთ პარლამენტზე ძალადობრივი შეტევა, რომელსაც ისინი აორგანიზებდნენ. ასევე ვნახეთ ამაზე სახელმწიფოს რეაქცია. არაერთი მაგალითი გვაქვს სხვა სახელმწიფოებში, სადაც სახელმწიფო მოიქცა ზუსტად ისე და უპასუხა კანონიერად, უპასუხა იმავე რეაქციით, რაც საქართველოს სახელმწიფომ გააკეთა. შესაბამისად, თუ მათ ჰგონიათ, რომ გარეთ დარჩებიან ან შიგნით შემოსვლაზე ულტიმატუმებს წაგვიყენებენ და ამით საზოგადოებას შეუქმნიან განცდას, თითქოს ეს რამე მშვიდობის გარანტიაა, პარლამენტში შემოვლენ თუ – არა, ეს აბსოლუტურად ცარიელი არგუმენტია. თუ ისინი არ შემოვლენ პარლამენტში, დაკარგავენ საპარლამენტო ტრიბუნას, დაკარგავენ ოპოზიციის ნიშას და ამაში გადაიხდიან პოლიტიკურ ფასს. მათ ამომრჩეველმა ხმა მისცა იმიტომ, რომ შესულიყვნენ პარლამენტში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, „არაფერს დაკარგავს მმართველი გუნდი ასეთი ბოიკოტით“, თალაკვაძემ განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში რადიკალური ოპოზიცია საქართველოს იმიჯს აზიანებს და ეს „მმართველი გუნდის მხრებზე გადადის“, თუმცა როგორც თალაკვაძე ამბობს, ხელისუფლება პოლიტიკურ შანტაჟს არ ექვემდებარება.

„რა თქმა უნდა, ჩვენ რეალისტები უნდა ვიყოთ. ამ შემთხვევაში რადიკალური ოპოზიცია საქართველოს იმიჯს ნამდვილად აზიანებს, რაც რასაკვირველია, მმართველი გუნდის მხრებზე გადმოდის. მაგრამ მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ ამ პოლიტიკურ შანტაჟს ნამდვილად არ ვექვემდებარებით. ჩვენ ვუზრუნველვყოფთ, რომ საპარლამენტო პროცესში ოპოზიციიის მონაწილეობა გაიზრადოს. უკვე არის ერთი ოპოზიციური პარტია, ვფიქრობ, მალე სხვა ოპოზიციური პარტიაც შემოუერთდება საპარლამენტო პროცესს და რადიკალური ოპოზიციის ფიქრი, რომ თითქოს ქვეყანას ერთპარტიული პარლამენტი ექნებოდა, ეს არ იქნება. რასაკვირველია, ჩენი სურვილია, პარლამენტი ზუსტად ისეთი სახით იყოს წარმოდგენილი, როგორც აირჩია ხალხმა და ვიდრე ასე არ იქნება, რჩება ერთგვარ პოლიტიკურად უხერხულ მომენტად. თუმცა, ვის ეკისრება ამაზე პასუხისმგებლობა, ეს არის საკითხი. ვფიქრობ, მოქალაქეებს აქვთ მკაფიო პოზიცია, სურთ თუ არა, რომ იცხოვრონ ისეთ სახელმწიფოში, სადაც არჩევნების შემდეგ თუკი რომელიმე პარტიას შედეგები არ მოეწონება, მხოლოდ ამიტომ ქვეყანაში ახალი არჩევნები ჩატარდეს და კიდევ ერთი წელი ქვეყანა საარჩევნო კამპანიაში იყოს. ასეთი რამ არც ერთ დემოკრატიაში არ ხდება და არ მოხდება საქართველოშიც“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.