პაატა იმნაძე - ზამთრის ამ სეზონზე გრიპით გარდაცვალების ოთხი ფაქტი დაფიქსირდა, გაცილებით მძიმე იყო წინა სეზონი, როცა გარდაცვალების 42 დადასტურებული შემთხვევა გვქონდა
პაატა იმნაძე - ზამთრის ამ სეზონზე გრიპით გარდაცვალების ოთხი ფაქტი დაფიქსირდა, გაცილებით მძიმე იყო წინა სეზონი, როცა გარდაცვალების 42 დადასტურებული შემთხვევა გვქონდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძრვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ზამთრის წლეევანდელ სეზონზე გრიპით გარდაცვალების ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა.

თუმცა, მისივე თქმით, გაცილებით მძიმე იყო ზამთრის წინა სეზონი, როცა გრიპით გარდაცვალების 42 ფაქტია დადასტურებული.

„საკმაოდ მსუბუქი ზამთრის სეზონი გვქონდა ჩვენ გრიპისმაგვარი დაავადების და მათ შორის გრიპის მიმართულებით. სამწუხაროდ, იყო გრიპით გარდაცვალების ფაქტები, ოთხი შემთხვევაა გარდაცვალების. გაცილებით მძიმე იყო შარშანდელი, ანუ წინა სეზონი, როდესაც ჩვენ გვქონდა გრიპით გარდაცვალების 42 დადასტურებული შემთხვევა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ამასთან, ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, კლინიკურად გრიპით გარდაცვალება ალბათ მეტია, ვიდრე ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევებია.

„როცა ვსაუბრობთ დადასტურებულ შემთხვევაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ლაბორატორიულად არის დადასტურებული გრიპით გარდაცვალების შემთხვევები, თუმცა კლინიკურად გრიპით გარდაცვალება ალბათ მეტია. თუ ჩვენს სტატისტიკას ნახავთ ყოველწლიურ სტატისტიკურ კრებულში, იქ გრიპით გარდაცვალება მეტი გვექნება“, – აღნიშნა გამყრელიძემ.