პაატა იმნაძე - ქვეყანაში შემომსვლელებს ვეკითხებით, უნდათ თუ არა ტესტის გაკეთება და საოცარია, ყველა უცხოელმა განაცხადა თანხმობა, უარი თქვა ორმა ქართველმა
ქვეყანაში შემომსვლელებს ვეკითხებით, უნდათ თუ არა ტესტის გაკეთება და საოცარია, ყველა უცხოელმა განაცხადა თანხმობა, უარი თქვა ორმა ქართველმა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“ სტუმრობისას განაცხადა.
პაატა იმნაძის თქმით, კარანტინში მოთავსებული ადამიანებიდან ყოველდღიურად ხდება კორონავირუსის ახალი შემთხვევების გამოვლენა.
„ადამიანები ჩამოდიან – გასაგებია, ჩვენი მოქალაქეები არიან, ბრუნდებიან, მათი უფლებაა, თავიანთ ქვეყანაში როცა უნდათ, მაშინ დაბრუნდნენ. მაგრამ ქვეყანასაც აქვს უფლება, მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინოს. ვიცით, რა სიტუაციაა სხვა ქვეყნებში; მოიკითხონ, რა ხდება. იგივე, ბრიტანეთში კარანტინის გავლისას სასტუმროში შენი ფულით უნდა იცხოვრო, საკუთარ კარანტინს აფინანსებ თავად. აქ სახელმწიფომ აიღო საკუთარ თავზე, სასტუმროებში არიან ეს ადამიანები. ნორმალური სასტუმროებია, გუდაურში იქნება, ბაკურიანში იქნება – სასტუმროები თავისი კვებით. მერე ადარებენ, ტურისტი რატომ უნდა შემოვიდესო და ა.შ.
რა თქმა უნდა, რისკი მეტი იქნება, მაგრამ ეს არ არის ისეთი, რომელიც არამართვადი რისკი იქნება. ტურისტი რომ მოდის, ზუსტად ვიცით, როგორ არის, სად გადაადგილდება. შეიქმნა სპეციალური აპლიკაცია. არის ქვეყნები, საიდანაც ნებადართულია საქართველოში შემოსვლა – რადგანაც იმ ქვეყანამ არ მოითხოვა ჩვენგან ცნობა, არც ჩვენ ვითხოვთ, მაგრამ წინადადებას ვაძლევთ, თანახმა ხართ თუ არა, შემოსვლისას გაიკეთონ ტესტი. რა საოცარი იყო იცით? ყველა უცხოელმა განაცხადა, რომ თანახმაა. უარი განაცხადა ორმა ქართველმა, რომელსაც აქვს იმ ქვეყნის პასპორტი. დანარჩენი, თქვენთვის მომინდვია“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
პაატა იმნაძე აღნიშნავს, რომ ამჟამად მისი შვილიც კარანტინშია.
„ჩვენი მოქალაქე რომ ჩამოვა, ოჯახი, ახლობლები ენატრება, კარანტინში არ უნდა ყოფნა. კარანტინიდან 200-მდე შემთხვევა გვაქვს გამოვლენილი. ეს 200 შემთხვევა რას ნიშნავს? ეს 200 შემთხვევა გახდებოდა 200 ათასი ცოტა ხანში, რომ არ მოგვევლო ამ შემთხვევებისთვის და არ ყოფილიყვნენ კარანტინში. დავაფასოთ, რაც გვაქვს და მოვუფრთხილდეთ. რატომ არიან ამ კარანტინზე ასე, არ ვიცი. ჩემი შვილიც კარანტინშია ახლა, არის გუდაურში, არის მშვენიერ ჰაერზე“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.