პაატა იმნაძე - კორონავირუსის გავრცელებაზე წინასწარ შიშის საფუძველი არ არსებობს
საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების შესახებ წინასწარ შიშის საფუძველი არ არსებობს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ჩინეთის იმ ქალაქში, სადაც აღნიშნული შემთხვევა დაფიქსირდა, 19 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ხოლო პროვინციაში 60 მილიონი. აღნიშნული ქალაქიდან პირდაპირი ავიარეისები ტაილანდსა და იაპონიაში სრულდება.
„არავითარი საფუძველი, წინასწარ თავზე ნაცრის წაყრის, შიშის, რომ მოვიდა ჩინეთიდან ვირუსი, ნამდვილად არ არსებობს. შეგიძლიათ, წყნარად იყოთ. თუ რამე რეკომენდაცია იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან პირველს ჩვენ გვეცოდინება“, – განცხადა პაატა იმნაძემ.
მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში, ამოქმედდება გეგმა, რომელიც ატიპიური პნევმონიის დროს იყო, რადგან საქართველო საერთაშორისო ნორმებით განსაზღვრულ წესებს იცავს.
„გეგმა გულისხმობს იმას, რაც იყო ატიპიური პნევმონიის დროს, რომელიც ამუშავდება და დღესაც მუშაობს ებოლაზე, როდესაც ვინმე ჩამოდის ინფიცირებული არეებიდან და, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ უნდა მოგვაწოდოს. ამის შემდეგ შეიძლება, ამუშავდეს. ეს ჯანმრთელობის საერთაშორისო წესებია. საქართველო ყველა იმ წესს იცავს, რომელიც არის ჯანმრთელობის საერთაშორისო წესებით განსაზღვრული. ეს ნიშნავს, რომ შეიძლება ამ დროს ჩამოსული ადამიანები გამოიკითხონ, საქართველოში ყოფნას სად აპირებენ და შემდეგ რაღაც პერიოდულობით, როდესაც ამ დაავადების ინკუბაციური პერიოდი დაზუსტდება, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუშაკი შეეხმიანება, სახლში ან მობილურზე დაურეკავს და ჰკითხავს. როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. თუ რამე პრობლემები აქვს, ურჩევს რომელ საავადმყოფოში მივიდეს. ეს არის ჩვეულებრივი მეთვალყურეობის მექანიზმი.
დღევანდელი ოფიციალური, ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების მიხედვით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მითითება ყველა ქვეყნისთვის არის, არავითარი შეზღუდვა ჩინეთში მგზავრობაზე, ვაჭრობაზე და ა.შ. ეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალური პოზიციაა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
ჩინეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 198 შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაღუპულია სამი ადამიანი.
ასევე, ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა სამხრეთ კორეაში.
ამასთან, მეცნიერთა აზრით, ჩინეთში გამოჩენილი მწვავე რესპირატორული სინდრომის მსგავსი ვირუსის გავრცელების ნამდვილი მასშტაბი შესაძლოა, იმაზე გაცილებით დიდია, ვიდრე ოფიციალური მონაცემები მიუთითებს. გავრცელების ცენტრია ქალაქ უხანის ზღვის პროდუქტების ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია; ეს 11-მილიონიანი ქალაქი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძია. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის გლობალური ინფექციური დაავადებების ანალიზის ცენტრის მეცნიერების მიერ გამოქვეყნებული მოხსენების მიხედვით, ვირუსის შემთხვევების ციფრი ქალაქში სავარაუდოდ 1700-ია.