ჩინეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 198 შემთხვევა დაფიქსირდა
ჩინეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 198 შემთხვევა დაფიქსირდა

ჩინეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 198 შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაღუპულია სამი ადამიანი.

ამ დროისთვის ვირუსით დაინფიცირებული 170 ადამიანი საავადმყოფოებში მკურნალობს, მათგან 35-ის მდგომარეობა მძიმეა, ცხრა პაციენტი კი მართვით სუნთქვაზეა.

ქალაქ ვუჰანში უცნობი წარმომავლობის პნევმონიის ეპიდემია დეკემბერში დაიწყო. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დაავადების გამომწვევი ახალი ტიპის კორონავირუსი გახდა. ახალი ვირუსიც კორონავირუსების იმავე ოჯახიდანაა, როგორც მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი (მმრს), რომელმაც 2002-2003 წლებში, მსოფლიოს მასშტაბით 800-მდე ადამიანი იმსხვერპლა. მაშინაც ეპიდემიის გავრცელება ჩინეთიდან დაიწყო.