პაატა იმნაძე აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელებაზე პანიკის საფუძველი არ არსებობს
საქართველოში კორონავირუსის რეალური რისკი პრაქტიკულად არ არსებობს. ამასთან, საქართველოს არ აქვს პირდაპირი ავიარეისი ქალაქ უხანთან, საიდანაც აღნიშნული ვირუსი გავრცელდა, – ამის შესახებ მეცნიერების დარგში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა.
პაატა იმნაძემ განმარტა, რომ კორონავირუსები ვირუსების დიდი ჯგუფია, რომლითაც ადამიანებიც ინფიცირდებიან. მისი თქმით, ეს არის მსუბუქად მიმდინარე რესპირატორული დაავადების გამომწვევი, თუმცა პერიოდულად ჩნდება ახალი კორონავირუსები, რომლებიც ძირითადად, ცხოველებიდან გადადის ადამიანებზე.
„მსგავსი შემთხვევა იყო 2002 წელს, როდესაც გავრცელდა კორონავირუსი, რომელსაც ჟურნალისტები ატიპური პნევმონიით მოიხსენიებდნენ, 2012 წელს საუდის არაბეთში აქლემებისგან გადაედო ადამიანებს. ასეთები ხდება ხოლმე, ესეც ახალი ტიპის კორონავირუსია, რომელიც იწვევს გართულებებს, ძირითადად, ფილტვების ანთების მხრივ. გარდაცვალების რამდენიმე ფაქტიც მოჰყვა უკვე ამ ტიპის კორონავირუსს ჩინეთში“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
რაც შეეხება საქართველოში ვირუსის გავრცელების რისკს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის თქმით, საქართველო ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების მიხედვით მოქმედებს და რამე ტიპის შეზღუდვაზე რეკომენდაცია ქვეყანას ჯერ არ მიუღია.
„რაც შეეხება რისკს, საქართველო იცავს ყველა საკუთარ ვალდებულებას, ანუ ჩვენ ვმოქმედებთ ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების შესაბამისად, რასაც განაპირობებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები. დღესდღეობით, რაიმე სახის რეკომენდაციები ჩინეთთან მგზავრობაზე ან სავაჭრო შეზღუდვაზე არ არსებობს. ჩრდილოეთ კორეას ვერ დავემსგავსებით, რომელმაც დაკეტა საზღვარი ყველა ტურისტისთვის. ჩვენთან რეალური რისკი პრაქტიკულად არ არსებობს, რადგან პირდაპირი რეისები უხანთან არ გვაქვს. პარიზში ყოველდღიური რეისებია და პარიზში ჯერ არაფერს აკეთებენ, ლონდონში კვირაში სამი რეისია, რომშიც, იქ არ არის პანიკა. მე მგონი, ჩვენთან გადაჭარბებულია ამის პანიკური შიში“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
ჩინეთში ახალი კორონავირუსის დიაგნოზი 440 პაციენტს დაუსვეს. დაავადებას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა. ჩინეთის გარდა, ვირუსი უკვე დაფიქსირდა რამდენიმე ქვეყანაში. მათ შორის აშშ-ში, ტაილანდსა და სამხრეთ კორეაში.
დღესვე, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, საგანაგებო სხდომა გაიმართება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში.
ვირუსი პირველად ქალაქ უხანში დაფიქსირდა. მისი გავრცელების ცენტრად უხანის ზღვის პროდუქტების ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია სახელდება. აღნიშნული 11-მილიონიანი ქალაქი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძია.