პაატა ჩახნაშვილი - აგრესია გადამდებია და მომავალ თაობას ბავშვობიდან უნდა ვასწავლოთ, რომ აგრესია აუცილებელი არ არის
სამწუხაროდ, ლიდერი რაც უფრო ქარიზმატულია, ქართულ საზოგადოებას მით უფრო მოსწონს, თუ ისტორიას დავაკვირდებით, – ამის შესახებ სოციალურმა ფსიქოლოგმა, პაატა ჩახნაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„სამწუხაროა, მაგრამ რას ვიზამთ? ეს ყველაფერი არის კულტურის დეფიციტი და დაგროვებული აგრესიის ამოხეთქვა. სხვათა შორის, აგრესია გადამდებია და მომავალ თაობას ბავშვობიდან უნდა ვასწავლოთ, რომ ადამიანთან ან ადამიანთა ჯგუფთან ურთიერთობის დასამყარებლად აგრესია აუცილებელი არ არის“, – განაცხადა პაატა ჩახნაშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, უწყობენ თუ არა ხელს პოლიტიკოსები საზოგადოებაში ძალადობრივი განწყობის გაღვივებას, თუ ისინი საზოგადოებიდან წამოსულ დაკვეთას ასრულებენ და ელექტორატზე ზემოქმედებას ამ ფორმით ცდილობენ, ანუ, ხომ არ აკეთებენ იმას, რაც კარგად გაყიდვადია, პაატა ჩახნაშვილმა განაცხადა, რომ, როგორც ხშირად ხდება, პოლიტიკოსი წყობიდან გამოჰყავთ და მიზანს ასე აღწევენ. მისი თქმით, პოლიტიკოსი თავდაცვის რეჟიმში დგება, თავდაცვის რეჟიმში მყოფი კაცი კი, როგორც წესი, ადამიანებს ძალიან ეცოდებათ, თუმცა, არიან ადამიანები, რომლებიც მხარს თავდამსხმელებს უჭერენ.
მისი თქმით, „ფეისბუქმა“ სამი წლის წინ 600 000 ადამიანზე ექსპერიმენტი ჩაატარა, რომელთაგან ნახევარს გვერდებიდან დადებითი ინფორმაციის მიღების საშუალება მოუხსნა, მეორე ნახევარს კი – უარყოფითი ინფორმაციის და როგორც აღმოჩნდა, იმ ადამიანებმა, ვინც მხოლოდ უარყოფით ინფორმაციას იღებდნენ, თავადაც უარყოფითი ინფორმაციის გაცემა დაიწყეს, ხოლო მათ, ვინც მხოლოდ დადებით ინფორმაციას იღებდნენ – დადებითის.
„ამდენად, აგრესია დასწავლადია და დასწავლა არა მხოლოდ ადამიანებს, თევზებსაც კი შეუძლიათ. არის ექსპერიმენტები, რომლის მიხედვითაც, თუ თევზებს, რომლებიც ჭიაყელას არ მიირთმევენ, ტელევიზიით აჩვენებთ, როგორ ჭამენ ჭიაყელას სხვა თევზები, მიწოდების შემთხვევაში, ჭიაყელის ჭამას ისინიც იწყებენ. ეს ძალიან საინტერესო ექსპერიმენტია და გირჩევთ, youtube-ში ყველამ ნახოთ. ამისთვის, უნდა აკრიფოთ – აგრესია დასწავლადია. თუკი თევზები ასე სწავლობენ, ხომ წარმოგიდგენიათ, ასეთი აგრესიული ქცევების ჩვენება ადამიანებს სანაცვლო აგრესიისკენ როგორ უბიძგებს? მით უმეტეს, სოციალურ ქსელებში“, – განაცხადა ჩახნაშვილმა.
როგორ უნდა მოხდეს ამ პროცესებისგან თავის არიდება ტექნოლოგიების საუკუნეში ისე, რომ ადამიანის გარე სამყაროსგან სრული იზოლაცია არ მოხდეს, სოციალურმა ფსიქოლოგმა განაცხადა, რომ ამის ერთადერთი საუკეთესო საშუალება განათლებაა.
„ქვეყანა ყველაზე მეტ თანხას განათლებაზე უნდა ხარჯავდეს, რადგან განათლება არა მხოლოდ ახალგაზრდა თაობას, არამედ თვით პოლიტიკოსებსაც სჭირდებათ. მაგალითად, აშშ-ში, პოლიტიკოსებს თავიანთი იმიჯმეიკერები ყოველი ინტერვიუს წინ ავარჯიშებენ და ასწავლიან, რა გააკეთონ და რა თქვან, ჩვენთან კი, რამდენადაც ვიცი, ამას არ აკეთებენ. ჩვენი პოლიტიკოსები შეიძლება, ინტერვიუზე პირდაპირ, ყოველგვარი მომზადების გარეშე გავიდნენ, რასაც არც ერთი უცხოელი პოლიტიკოსი კატეგორიულად არ აკეთებს. ასე რომ, განათლება ყოველმხრივ მნიშვნელოვანია, ყველა მიმართულებით“, – განაცხადა პაატა ჩახნაშვილმა.