სალომე უგულავა - წუწუნს არ ვაპირებ, რადგან არ მგონია, რამე განსაკუთრებული აგრესიის მსხვერპლი ვიყო
სალომე უგულავა - წუწუნს არ ვაპირებ, რადგან არ მგონია, რამე განსაკუთრებული აგრესიის მსხვერპლი ვიყო

არ ვაპირებ, წუწუნი დავიწყო, რადგან არ მგონია, რომ მე, პირადად, რამე განსაკუთრებული აგრესიის მსხვერპლი ვიყო, – ამის შესახებ „ტაბულას“ მთავარმა რედაქტორმა, ჟურნალისტმა სალომე უგულავამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„არასწორი იქნება, ასე რომ ვთქვა, განსაკუთრებით, სოციალურ მედიაში. უფრო სატელევიზიო ეთერებში არის ხოლმე სხვა სტუმრების მხრიდან, როცა გეცემიან. ეს განსაკუთრებით, მეორე ტურის წინ იყო, პოლარიზაციის პირობებში, როცა გულანთებული გულშემატკივრები ყელში მწვდებოდნენ ხოლმე და ჩემი აზრის მშვიდად გამოთქმის საშუალება ნაკლებად მქონდა, მაგრამ ეგ არაფერი. თავისი ფასი აქვს იმას, როცა ადამიანი თანხმდება, საჯარო სივრცეში იყოს. საჯარო ან სანახევროდ საჯარო პირებს თმენის ვალდებულება გვაქვს და ამ ნაწილზე წუწუნს არ ვაპირებ“, – განაცხადა სალომე უგულავამ.

ამ განცხადებით სალომე უგულავამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, გრძნობს თუ არა ის საკუთარი აზრის გამოხატვის დროს აზრის მიუღებლობას, სიძულვილს და დისკრიმინაციას სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან, თუნდაც, სოციალურ ქსელში, რადგან ჟურნალისტები ამას საკმაოდ ხშირად გრძნობენ.

მისი თქმით, არჩევნების მეორე ტური იმ მაღალი პოლიტიკური კულტურის გამო შედგა, რაც ქართველმა ამომრჩეველმა აჩვენა.

„საპრეზიდენტო არჩევნების წინ, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ არჩევნებისთვის ნაკლები მნიშვნელობა მიენიჭებინა. კამპანიაც ასეთი იყო, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს დაპირებები პრაქტიკულად, არ გაუცია და ა.შ. უცებ კი, აღმოჩნდა, ხომ ამ არჩევნებს ხალხმა ძალიან დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა მიანიჭა, აქტივობაც საკმაოდ მაღალი აღმოჩნდა და რაც მთავარია, საპროტესტო ამომრჩეველიც მოვიდა“, – განაცხადა სალომე უგულავამ.

როგორც მან აღნიშნა, ეს ქუჩაში აქციებით და დიდი არეულობით კი არ მოხდა, ადამიანები მშვიდად, წყნარად ადგნენ და არჩევნებზე მივიდნენ, ხელისუფლებამ კი, პირველ და მეორე ტურს შორის უცებ, სახე დაკარგა, პანიკაში ჩავარდა და ყველაფერზე წავიდა.

„იყო მუქარა, დაშინება, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ა.შ. ეს ჩემი აზრი კი არ არის, საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მიერ დამტკიცებულ და მოწოდებულ ფაქტებზე ვსაუბრობ, რაც მოსყიდვის ძალიან მასშტაბური აქტით, ვალების ჩამოწერით დაგვირგვინდა. მე ცალ მხარეზე არ ვლაპარაკობ. ორმხრივი იყო ხისტი რიტორიკა და აგრესია. თვალის დაბრმავებას და მაყურებლის მოტყუებას არ ვაპირებ და არავითარ შემთხვევაში არ ვიტყვი, რომ ეს ცალმხრივი იყო, მაგრამ ბუნებრივია, ხელისუფლებას მეტ პასუხისმგებლობას ვაკისრებ“, – განაცხადა სალომე უგულავამ.

მან ასევე განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა და მისი მოკავშირე „პატრიოტთა ალიანსი“ „ქართული ოცნების“ და ხელისუფლების გაგრძელებაა და ის, რაც პარლამენტში მოხდა, იმიტომ მოხდა, რომ ეს ადამიანები ძალიან გაბრაზებული არიან, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ იცის, მეორე ტურში გამარჯვება ისეთი დემოკრატიული გამარჯვება არ იყო, როგორიც უნდა ყოფილიყო და ამ გამარჯვებით ვერ დატკბა.

დატოვე კომენტარი