გია აბაშიძე - ყალბი ამბების ტირაჟირება რამდენჯერაც მოხდება, საჭიროა, იმდენჯერ გამოვავლინოთ
გია აბაშიძე - ყალბი ამბების ტირაჟირება რამდენჯერაც მოხდება, საჭიროა, იმდენჯერ გამოვავლინოთ

ძალიან ცუდია, როცა ადამიანი ცილისწამებას მიზანმიმართულად ახორციელებს, პირად ცხოვრებას ეხება და ეს იმ ტელესადგურიდან ხდება, რომელსაც მედასავლეთეობაზე აქვს პრეტენზია, საზოგადოების მხრიდან კი ამის ფართოდ დაგმობა არ ხდება, – ამის შესახებ პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა, გია აბაშიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„CNN ჩასაფრებულია ტრამპზე და რაღაც პატარა გადაცდომას გაუბუქებს ხოლმე. აქ კი, ერთი ტელეარხი ტყუილებით აპელირებს და ტყუილებს ტირაჟირებს. ეს მიუღებელია. კარგია, რომ რამდენიმე მედიასაშუალება და სამოქალაქო საზოგადოების რამდენიმე წარმომადგენელი ამას აკვირდება და მერე შედეგებს დებს, მაგრამ მეტი აქტიურობაა საჭირო. საჭიროა, შიდა მოხმარებისთვის ყალბი ამბების ტირაჟირება რამდენჯერაც მოხდება, იმდენჯერ გამოვავლინოთ და ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ“, – განაცხადა გია აბაშიძემ.

ამ განცხადებით გია აბაშიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, როგორ უნდა დავიცვათ თავი ნეგატივისგან ტექნოლოგიების საუკუნეში.

როგორც აბაშიძემ აღნიშნა, ბოლო არჩევნებმა აჩვენა, რომ ქართულ პოლიტიკაში სიძულვილის ენა და აგრესიის ნიაღვარი ძალიან მაღალ ნიშნულზე ავიდა.

„ბუნებრივია, ეს ახალი არ არის და მსგავსი რაღაცები ევროპაშიც ხდება, რადგან პოპულისტები ევროპაშიც არიან. როცა ტრადიციული პარტიები და პოლიტიკოსები საზოგადოებას, ამომრჩეველს გასაგებ ენაზე ვერ ელაპარაკებიან, პოპულისტები მაშინ აღზევდებიან ხოლმე და ამომრჩევლის, უხეშად რომ ვთქვათ, აგდება მარტივი გზავნილებით ხდება. ეს უფრო მეტად გაყიდვადია. ისევე – როგორც ყვირილი, სკანდალი და ა.შ.“ – განაცხადა გია აბაშიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ რეაგირებს საზოგადოება ასე მძაფრად განსხვავებულ პოზიციაზე, გია აბაშიძემ განაცხადა, რომ საზოგადოებაში აგრესიის მოთხოვნაა, რადგან თოქშოუები, სადაც რაღაც საკითხებზე აკადემიური მსჯელობა მიდის, დაბალრეიტინგულია, ის თოქშოუები კი, სადაც წივილ-კივილი და ჭიქების სროლაა, სუპერრეიტინგული.

მისი თქმით, პოლიტიკურ ელიტებში პოლიტიკური კულტურის დეფიციტია, რაც პოლიტიკოსებს შორის ფიზიკურ, თუ სიტყვიერ დაპირისპირებას იწვევს.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ პოლიტიკური კულტურა ამაღლდეს, გია აბაშიძემ აღნიშნა, რომ ამისთვის სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა იაქტიუროს და პოლიტიკოსებს პოლიტიკური კულტურის სწავლა მოუწევთ.

„საზოგადოებამ ძალიან უნდა შევაწუხოთ პოლიტიკოსები და ზარები უნდა შემოვკრათ“, – განაცხადა აბაშიძემ.

პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა ასევე განაცხადა, რომ ამ არჩევნების შემდეგ ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტია გაქრება და 2020 წლისთვის სერიოზული გადანაწილება მოხდება როგორც მმართველი გუნდში, ასევე ოპოზიციაში.

„შეიძლება, ვიხილოთ გამოყოფები, შეერთებები, კოალიციები, ალიანსები და ა.შ. ახლა, პოლიტიკური სეზონი არ არის, რადგან ყველას საახალწლო სეზონი აქვს, მაგრამ უკვე იანვრიდან ამის ტენდენციებს აქტიურად შევამჩნევთ“, – განაცხადა გია აბაშიძემ.