ოზურგეთში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ბესო ქათამაძის მხარდამჭერის დაკავებას აპროტესტებენ
ოზურგეთში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ბესო ქათამაძის მხარდამჭერის დაკავებას აპროტესტებენ და ქათამაძის ცემის ფაქტის სამართლიან გამოძიებას ითხოვენ.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი და გუბერნიის თანამშრომელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. კონფლიქტში პარტიის სხვა წევრები და ქათამაძის მხარდამჭერები ჩაერივნენ, რა დროსაც ერთ-ერთი მხარდამჭერი პოლიციამ დააკავა.
რაც შეეხება ოზურგეთის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ბესო ქათამაძეს საქმეს, მას თავის არეში დაზიანება აქვს მიყენებული.
თვითმხილველების ინფორმაციით, ბესო ქათამაძე „ქართული ოცნების“ ფრაქციის წევრებთან ერთად ოთახში იმყოფებოდა, საიდანაც ნაცემი გამოვიდა.
თავად დაზარალებული ამბობს, რომ ფრაქციის წევრებმა მას ანგარიში „ფეისბუქში“ აქტიურობისა და კრიტიკული პოსტების გამოქვეყნების გამო გაუსწორეს და თავში რკინის ნაჭერი ჩაარტყეს.
მომხდარ ფაქტს „ქართული ოცნების“ წევრი, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე გამოეხმაურა. მისი თქმით, გმობს ყველანაირ ძალადობას. ის აცხადებს, რომ სამართალდამცავების მიერ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჭეშმარიტება დადგინდება.
ქათამაძე ოზურგეთის „მედალფას“ კლინიკაში იმყოფება.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს.